შემოგვიერთდი

31.07.2013 10:17

„რუსთავი 2“-ის გასხვისების შესახებ ცრუ ინფორმაციები შეგნებულად ვრცელდება - ნიკა გვარამია

media.ge
 (photo: )

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კატეგორიულად უარყოფს ბოლო დღეებში მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მფლობელები  „რუსთავი 2“-ის გასხვისებას გეგმავენ.

ასევე გავრცელებული,  მაგრამ  დაუდასტურებელი  ინფორმაციის თანახმად, ქართული წამყვანი არხის შეძენას რუსული გიგანტი „გზაპრომ მედია“ აპირებს.

„მფობელთა მიერ უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ ეს ხმები აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, მათ შორის, სრულიად კომიკური სისულელე "რუსთავი 2"-ის გაზპრომის მიერ ყიდვის თაობაზე“,  წერს ნიკა გვარამიას თავის  გვერდზე,  ფეისბუკში.

გენერალური დირექტორი დასძენს, რომ  მცდარი ინფორმაციის გავრცელება   „მართულია დაინტერესებულ პირთა ჯგუფის მიერ“, რომელიც დაინტერესებულია,  რომ ზიანი მიაყენოს ტელეარხს და წარმოაჩინოს ის არასტაბილურ მედიასაშუალებად,  „სარეკლამო ბაზრის გადანაწილების აქტიურად გაჩაღებულ პროცესში“.

„დროში საეჭვოდ დამთხვევის გამო, ამავე მართული კამპანიის ნაწილად განვიხილავთ გარკვეული ჯგუფის მიერ ამ დღეებში აგორებულ, სამართლებრივად სრულიად უშინაარსო მოთხოვნას "რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღების თაობაზე“, აცხადებს ნიკა გვარამია. ის მოუწოდებს „ყველას - როგორც შეგნებულად ამ პროცესის მონაწილეთ (რომელთაგან ზოგიერთი კონკურენტი ტელეარხის საზედამხედველო საბჭოს წევრიცაა და პირდაპირი მატერიალური დაინტერესება აქვს), ასევე უნებლიედ მოქმედთ, რომ თავი შეიკავონ აღნიშნული ინსინუაციებისგან, რასაც ჩვენი ტელეკომპანია განიხილავს მისი ფინანსური დამოუკიდებლობის და, შესაბამისად, ზოგადად, როგორც დამოუკიდებელი მედიის არსებობის წინააღმდეგ ბრძოლას".

საჯარო რეესტრის დღევანდელი მონაცემებით. ტელეკომპანიის 51 პროცენტს შპს ტელეკომპანია საქართველო ფლობს, 18 პროცენტს – გიორგი ყარამანიშვილი, 22 პროცენტს – ლევან ყარამანიშვილი, 9 პროცენტი კი ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის.

საქართველოს სარეკლამო ბაზრზე, რომლის მთლიანი  მოცულობა, სხვადასხვა მონაცემებით, დაახლოებით, 40 მილიონი  აშშ დოლარია, "რუსთავი 2"-ს, ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად,  წამყვანი პოზოცია უკავია, სატელევიზიო რეკლამის დაახლოებით 70% ამ ორი ტელეკომპანიის ეთერში თავსდება.

ტელეკომპანიის მოსალოდნელი  გასხვისების შესახებ 30 ივლისს შეშფოთება გამოთქვეს „რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა, რომლებიც ტელეკომპანიის დაბრუნებას ცდილობენ. პროკურატურა მათი საჩივრის საფუძველზე იძიებს ტელეკომპანიის რვა ვაწლისწინანდელ გასხვისების საკითხს. თანადამფუძნებლები გამოძიების დასრულებამდე ტელეკომპანიის წილების დაყადაღებას ითხოვს.

ამავე დროს, კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის წარმომადგენელმა ნინო ზურიაშვილმა   30 ივლისს Media.Ge-ს განუცხადა,  რომ ორგანიზაცია  უერთდება ტელეკომპანიის თანადამფუძნებლების მოთხოვნას.  ორგანიზაცია  „რუსთავი 2“-ის საქმეზე  მთავარ პროკურორთან, არჩილ კბილაშვილთან შეხვედრას მიმდინარე კვირაში აპირებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test