შემოგვიერთდი

09.08.2013 14:47

დროებითი საგამოძიებო კომისია GNCC-ის GMG-ის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს

ნატა ძველიშვილი

GMG 2013

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) საქმიაობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია GNCC-ის საკაბელო კომპანია “გლობალ მედია ჯგუფის” (GMG) ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს. კომისიის შუალედური დასკვნის თანახმად, GNCC-ის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის სახელზე არაერთი საჩივარი შევიდა.

მათ შორისაა „სუპერ ტივის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩიგოგიძე, რომელიც თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ 2011 წლის თებერვალში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა აიძულა GMG-სთან კაბალური ხელშეკრულება გაეფორმებინა, რითაც მის კომპანიას ნახევარი მილიონი ლარის ზარალი მიადგა.

კომისიის დასკვნის მიხედვით, ზურაბ ჩიგოგიძის მიერ ნახსენები შეხვედრები GNCC-ში და შემდეგ განხორციელებული ზეწოლის პერიოდები სრულად ემთხვევა მარეგულირებლის მხრიდან კომპანიის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციების პერიოდს „თავად სანქციების მიზანშეწონილობა საეჭვო და დისკრიმინაციულია“, - აღნიშნავენ საგამოძიებო კომისიის წევრები.

კომპანია GMG -სთვის ხელოვნურად უპირატესობის მინიჭებაზე საუბრობს შპს „ახალი ქსელები“. მისი წარმომადგენელი საგამოძიებო კომისიაში შესულ საჩივარში აცხადებს, რომ ირაკლი ჩიქოვანმა „შექმნა GMG და იმ საფუძვლით, თითქოს მხოლოდ მას ჰქონდა უცხოური არხების რეტრანსლირების უფლება, დანარჩენი კომპანიები აიძულეს მასთან გაეფორმებინათ ხელშეკრულება.“

2010 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, GNCC -მ „ახალი ქსელები“  30 ათასი ლარით დააჯარიმა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის. კომპანია გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და მოტივაციას GMG-სთვის ხელოვნურად ხელსაყრელი პირობების შექმნით ხსნის. „ახალი ქსელების“ განცხადებით, 2010 წლისთვის საავტორო და მომიჯნავე უფლებების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება უბრალოდ არ არსებობდა.

„იმ შემთხვევევაში თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ კომისიას 2011 წლის 20 დეკემბრამდე, ანუ ცვლილების ძალაში შესვლამდე ჰქონდა საავტორო და მომიჯნავე უფლებებზე სანქცირების გამოყენების უფლება და შესაბამისად კომპანიებისგან სრულყოფილი ინფორმაციის მოთხოვნისა და მონიტორინგის უფლებამოსილება, როგორ აღმოჩნდა, რომ ამგვარ მონიტორინგს არ დაექვემდებარა არცერთი დიდი ნაციონალური მაუწყებელი და ადმინისტრაციული სამართალწარმოება ხდებოდა მხოლოდ პატარა კომპანიებისა და საკაბელოების მიმართ?!“, - ნათქვამია საგამოძიებო კომისიის ანგარიშში.

GMG-ს ლობირების საკითხს უკავშირებს საგამოძიებო კომისია აჭარაში მდებარე საკაბელო კომპანიის, შპს „მადის“ საქმესაც. დასკვნის თანამხად, „2009 წლის ბოლოს მარეგულირებელ კომისიას გაახსენდა, რომ შპს „მადი“ 2004 წლის 14 ივლისიდან უკანონოდ მაუწყებლობდა“ და ადმინსიტრაციული წარმოება დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა. მოგვიანებით „მადი“ 10 ათასი ლარით მაინც დაჯარიმდა. „მადის“ 10 თვის მანძილზე ეს თანხა არ გადაუხდია „თუმცა კომისიის მხრიდან, რომელიც ყოველ გადაცილებულ დღეზე სხვა შემთხვევაში უფრო მაღალ სანქციებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია“, - ნთქვამია დასკვნაში. აღნიშნული თანხა 2010 წელს ბიუჯეტში GMG-მ როგორც „მადისთან“ დადებული ლიცენზიის გადაპირების საფასური, ისე გადაიხადა.

„მადის“ დირექტორი ავთანდილ დევიძე საგამოძიებო კომისიისთვის გაგზავნილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2009 წელს გურიის კუდის უფროსი მასზე ზეწოლას ახდენდა. „მადიში“ დაიწყო რევიზია, რის შედეგადაც 43 ათსი ლარი დანაკლისი აღმოჩნდა და ავთანდილ დევიძე 2010 წლის 15 იანვარს დააპატიმრეს.

დევიძის თქმით, მას აცნობეს, რომ საპროცესო შეთანხმების ერთადერთი პირობა ტელევიზიაში მისი წილის დათმობა იყო. დევიძე ამბობს, რომ 2010 წლის ბოლოს GNCC-ის მაუწყებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი რატიშვილმა ის GMG-ს დამფუძნებელ მამუკა გამყრელიძეს შეახვედრა და აცნობა, რომ  „შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად საერთო მაუწყებლობის ლიცენზია უნდა დაეთმო სწორედ აღნიშნული პიროვნებისთვის“.

ირაკლი ჩიქოვანის მიერ GMG-ის ჩართვის მოთხოვნით ზეწოლაზე საუბრობს საკაბელო კომპანია „ჯი ენ ენიც“, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიითვის გაგზავნილ საჩივარში ამბობს, რომ ის იძულებული იყო ჩაერთო GMG საკუთარ პაკეტში მიუხედავად მაღალი გადასახადისა (1 აბონენტი 9 ლარი).

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ GMG -ს დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი GNCC-ის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ბიზნეს პარტნიორია შპს „საგამომცემლო სახლი +“-ში, რაც „ვფიქრობთ ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს, ინტერესთა კონფლიქტის, საკუთარი ბიზნეს პარტნიორების ხელოვნურად მომგებიან პირობებში ჩაყენების, ბაზრის მონოპოლიზების დახმარებისა და სხვა თვალსაზრისით“, - აღნიშნულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.

GMG -ს გენერალური დირექტორი ლევა ყუბანეიშვილი არ იზიარებს კომისიის ბრალდებებს, თუმცა Media.Ge-სთან ვრცელ კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიის წევრებს 12 აგვისტოს უნდა შეხვდეს, რისი შესაძლებლობაც აქამდე არ მისცემია.

„ჩვენ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია და არგუმენტაცია გვაქვს. შევეცდებით კომისიას ჩვენი სიმართლე გავაგებინოთ. დეტალურ განმარტებებს ამ შეხვედრის შემდეგ გავაკეთებთ“, - აღნიშნავს ლევან ყუბანეიშვილი.

კომისიის ამჟამინდელ შემადგენლობას ასეთი პოზიცია აქვს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე მუშაობის პროცესში, რომელიც კომისიას GMG-სთან მიმართებაში მიუღია, ის ხელმძღვანელობდა საქართველოს კანონმდებლობით და არანაირად არ მიიჩნევს, რომ რაიმე სახით ხელს უწყობდა ამ კომპანიის გაძლიერებას, ან ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას. რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანის მოსაზრებებს, ის აღარ არის კომისიის წევრი და კომისიისთვის უცნობია მისი ამ საკითხთან დამოკიდებულება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიაობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2013 წლის 1 მაისს პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა. კომისიის წევრები არიან თამარ კორძაია, ანი მიროტაძე, სერგო ხაბულიანი, ერეკლე ტრიპოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი პაატა კიკნაველიძე, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, პაატა ლეჟავა, გურამ მისაბიშვილი, რევაზ შავლოხაშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, დავით საყვარელიძე. კომისიას  თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობს.

საგამოძებო კომისიის საბოლოო ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება, როგორც შუალედურ დასკვნაშია აღნიშნული, ამ ეტპაზეც მიმდინარეობს რიგი საჩივრების შესწავლა. გარდა GMG-ს ეპიზოდისა დასკვნაში მოხვდა ტელეკომპანია „თვალის“, „ალანიის“ სიხშირეების საკითხი და GNCC-ის ამჟამინდელი თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილის ინტერესთა კონფლიქტი. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test