შემოგვიერთდი

12.08.2013 13:18

ინგა გრიგოლია TV 3-ზე პოლიტიკურ ტოქშოუს წაიყვანს

გელა ბოჩიკაშვილი

ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებელი საავტორო გადაცემის „პოლიტიკური კვირის“ ეთერში გასვლამდე დატოვა, უკვე TV 3-ის თანამშრომელია. იგი სექტებრიდან ახალ პოლიტიკურ ტოქშოუს კვირაში 5 დღის განმავლობაში წაიყვანს.

გრიგოლიას თქმით, სხვა შემოთავაზებებზე მეტად ყველაზე მისაღები TV 3-ის მიერ შეთავაზებული სამუშაო განრიგი იყო. იგი ამბობს, რომ მისი გადაცემა ერთადერთი პოლიტიკური ტოქშოუ იქნება არხზე, რომელიც ბიზნესში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, და ყოველ სამუშაო დღეს პირდაპირ ეთერში გავა.

„თავისთავად ეკონომიკაც პოლიტიკაა, სოციალური საკითხებიც პოლიტიკაა და არაერთხელ მომიწევს ამ თემებზე მუშაობა“, - აღნიშნა გირგოლიამ Media.Ge-სთან საუბრისას.

არხის დირექტორთან, კახა ბაინდურაშვილთან დაკავშირება Media.Ge-მ ვერ შეძლო.

თუმცა იგი 5 აგვისტოს Media.Ge-თვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ტელეკომპანია წამყვანებთან მოლაპარაკებებს ტოქშოუებთან დაკავშირებით მართავდა, სადაც ყურადღება ბიზნეს გარემოზე, ეკონომიკასა და სოციალურ საკითხებზე გამახვილდებოდა.

ინგა გრიგოლიამ და მისმა ექვსმა თანამშრომელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონტრაქტი 1 აგვისტოს გაწყვიტა. გრიგოლია მაუწყებელში 2013 წლის 15 თებერვლიდან მუშაობდა. გადაცემა, რომელზეც ის და მისი გუნდი მუშაობდნენ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუ - „პოლიტიკური კვირა“ უნდა ყოფილიყო.

Media.Ge-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გრიგოლიას ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა ეთერში არ გადიოდა, ხელფასს იღებდა. პროექტის სახელფასო ანაზღაურება ყოველთვიურად დაახლოებით 15 ათასი ლარი იყო.  გადაცემა „პოლიტიკური კვირის“ სტუდიის დეკორაცია მაუწყებელს დაახლოებით 52 ათასი ლარი დაუჯდა. 

TV3 ყოფილი "რეალ ტვ"-ია, რომელიც 2012 წლის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ ლალი ეგაძემ 30 ათას ლარად შეიძინა, მოგვიანებით კი, არხის 90 პროცენტი 200 ათას ლარად გაყიდა. ამჟამად, საჯარო რეესტრის მონაცემებით, TV3-ის მფლობელები არიან ლალი ეგაძე (10 პროცენტი), კახა ბაინდურაშვილი (9 პროცენტი), დავით მჟავია (51 პროცენტი) და ლაშა ჩხენკელი (30 პროცენტი). 

ინგა გრიგოლია 2010 წლიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე ქრისიტან-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. პარტიის სიით მან 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და საკრებულოს წევრი გახდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test