შემოგვიერთდი

16.08.2013 14:18

მამუკა ღლონტი - ხელისუფლების ერთ-ერთმა ფრთამ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო

media.ge

ტელეკომპანია "მაესტროს" თანამფლობელმა მამუკა ღლონტმა 16 აგვისტოს სოციალურ ქსელში გაავრცელა მოკლე განაცხადება, რომ  „ხელისუფლების, ერთ-ერთმა ფრთამ, მას შემდეგ რაც ვერ შეძლო "მაესტროს" დამორჩილება დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა "წესების გარეშე" და ცდილობს "მაესტროს" როგორც ერთ-ერთი მსხვილი მედია მოთამაშის თამაშგარე დატოვებას.“

„მინდა შევახსენო მათ, რომ ის ღირებულებები რომელზეც დგას ტელეკომპანია „მაესტრო“ მისი სიმყარის გარანტიაა და თუ ჩვენი განადგურება ვერ შეძლო ნაც. მოძრაობამ სწორედ ამ ღირებულებების დამსახურებაა“, ამბობს ღლონტი“, უფრო დაწვრილებით განცხადებას "მაესტრო" რამოდენიმე დღეში გააკეთებს.“

Media.Ge-სთან საუბარისას  მამუკა ღლონტი განმარტავს, რომ სახელისუფლებო  წრეებიდან ცდილობენ „მაესტროს“  დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაგდებას, აღარ აწვდიან ინფორმაციებს,   ერიდებიან ჟურნალისტებს, ზეწოლაა    ფინანსური თვალსაზრისითაც.

 „რა თქმა უნდა, ყოველივე , გარკვეულწილად, დაკავშირებულია საპრეზიდენტო არჩევნებთანაც“, აცხადებს მამუკა ღლონტი, „ჩვენს წინააღმდეგ  ძველი მეთოდებით ბრძოლას ცდილობენ“. მან იგულისხმა 2012 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე „მაესტროს“ მიმართ დამოკიდებულება, როცა ღლონტის თქმით, „სააკაშვილის ხელისუფლება მის ტელეკომპანიას ებრძოდა“, ბლოკავდა რეკლამებს, ამასთან, სხვა ტელეკომპანიებს საბიუჯეტო ვალებს პატიობდა.

კითხვაზე, სხვა ტელეკომპანიებში გულისხმობს თუ არა  „მაესტროს“ „კონკურენტ“  „რუსთავი 2“-ს და „იმედს“, ღლონტი პასუხობს, რომ ეს ტელევიზიები არ არიან მათი კონკურენტები.

„ორივე არხმა დაუბრუნოს სახელმწიფო ბიუჯეტს 40 მილიონი ლარი და მაშინ ვიქნებით კონკურენტები“, ამბობს ღლონტი, რომელიც აზუსტებს, რომ „რუსთავი 2-ის“ საბიუჯეტო ვალი 24 მილიონი ლარია (დაახლოებით 14,5 მილიონი აშშ დოლარი), „იმედის“ კი -16 მილიონი (დაახლოებით 9,7 მილიონი აშშ დოლარი).

„ხელისუფლებიდან ამ ტელევიზიებს დღესაც ეთამაშებიან, ვალებს პატიობენ, ჩვენ კი პატარა დავალიანების გამო ინკასო დაგვადეს და ანგარიშები დაგვიყადაღეს, ფინანსური პრობლემები შეგვექმნა, თუმცა თანხა გადავიხადეთ-ბანკიდან კრედიტი ავიღეთ“, აცხადებს ღლონტი, რომელმაც კრედიტის მოცულობა არ დააკონკრეტა.

მისივე თქმით, „მაესტრო“ წინა   ხელისუფლებას აკრიტიკებდა და აკრიტიკებს ახალსაც, როგორც ჩანს „მმართველი ძალებიდან  ვიღაცას ეს არ მოსწონს“.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რის შედეგადაც ძალაუფლება კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, იმავე წლის ოქტომბერში, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ახლა დაპატიმრებულია და სასამართლოს ელოდება,  გამოსცა ბრძანება და    „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, „ტელეიმედს“ და  „ტელეკომპანია პიკს“ ჯამში 20 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოაწერა.  ტელევიზიების მიმართ კიდევ ერთი ამნისტია 2010 წელს გამოცხადდა. საპარლამენტო  არჩევნების შემდეგ, ფინანსთა ახალმა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ მისი უწყება  აპირებს პროკურატურას გადაუგზავნოს  მასალები მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების იმ გადაწყვეტილებების შესასწავლად, რომლის საფუძველზეც ”რუსთავი-2-ს” და ”იმედს” საგადასახადო დავალიანება ეპატია.

„მაესტროს“  (იურიდიული სახელწოდება შპს „სტუდია მაესტრო“) მფლობელები არიან - მამუკა ღლონტი (15 პროცენტი), ლევან ჩიკვაიძე (15 პროცენტი), ეკატერინე აკობია (5 პროცენტი), გიორგი ებრალიძე (5 პროცენტი), გიორგი გაჩეჩილაძე (25 პროცენტი), მაკა ასათიანი (25 პროცენტი). "მაესტროს" წამყვანი  ჟურნალისები ნინო ჟიჟილაშვილი, თეა სიჭინავა და ხატია ქვათაძე (3-3 პროცენტი).   გიორგი გაჩეჩილაძის წილი მართვის უფლებით გადაცემული აქვს ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურ დირექტორს ბაჩო კიკაბიძეს. შპს „სტუდია მაესტრო“ ასევე ფლობს ორ დაიოარხს „მაესტროს“ და „ვინილს“.

მამუკა ღლონტი Media.Ge-ს თან საუბრისას ამბობს, რომ ტელეარხის თანამფლობელების ერთი ნაწილი ამჟამად თბილისში არ არის, როგორც კი შეიკრიბებიან, იმსჯელებენ არსებულ ვითარებაზე და განცხადებას გაავრცელებენ.

ამავე დროს,   „მაესტროდან“ „იმედში“  ჟურნალისტების ჯგუფი გადავიდა, მათ შორის  თეა სიჭინავა, „მაესტროს“ ერთ-ერთი სახე და გადაცემის ავტორი.

ღლონტი ამბობს, რომ ამაზე ჯერჯერობით კომენტარს არ გააკეთებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test