შემოგვიერთდი

16.08.2013 14:11

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი თეა სიჭინავა ტელეკომპანია „იმედზე“ გადავიდა

თამარ ფარადაშვილი

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის, თეა სიჭინავას ტელეკომპანია  „იმედში“ გადასვლის ფაქტს ადასტურებს ამ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ბაია ცანავა.

ის ვერ ადასტურებს  „მაესტროს“ კიდევ ერთი ჟურნალისტის, ნინო ჟიჟილაშვილის „იმედზე“ მუშაობის დაწყებას,  რის შესახებაც ინფორმაციას მედიასაშუალებები ავრცელებენ.

„მაესტროს“ ერთ ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი „media.ge”-თან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ჟურნალისტების მისი ტელეკომპანიიდან წასვლის ფაქტს ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს და რომ „მაესტრო“ მოგვიანებით განცხადებას გააკეთებს, როცა არხის ყველა დამფუძნებელი ქალაქში იქნება. „ახლა ბევრ თემაზე დამოუკიდებლად ვერ ვისაუბრებ“ ამბობს ღლონტი.

ბაია ცანავამ არ დააკონკრეტა რაზე იმუშავებს სიჭინავა „იმედზე“ და აღნიშნა, რომ ახალ  ტელევიზიის ახალ სეზონთან დაკავშირებით „იმედი“ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

Media.ge-მ თეა სიჭინავასთან და ნინო ჟიჟილაშვილთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ „მაესტროს“ სამმა ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა, თეა სიჭინავამ და ხატია ქვათაძემ ტელეკომპანიის 3-3 პროცენტი პარტნიორული წილი მიიღო. როგორც Media.Ge-ს არხის დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განუცხადა, ჟურნალისტებს წილი „მაესტროს“ წინაშე დამსახურებისთვის“ გადაეცათ. ჯამში 9 პროცენტი ყველა მფლობელმა თანაბრად ჩამოიკლო. თეა სიჭინავა გადაცემა „არგუმენტების“ წამყვანია, ნინო ჟიჟილაშვილს გადაცემა „პოლიტმეტრი“ მიჰყავს, ხატია ქვათაძე კი „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსია.

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test