შემოგვიერთდი

19.08.2013 19:24

„მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა

თამარ ფარადაშვილი

19, აგვისტოს, საღამოს 9-საათიანი მთავარი საინფორმაციო გამოშვებით, დასრულდა ტელეკომპანია „მე-9 არხის“  წელიწადნახევრიანი მაუწყებლობა. საინფორმაციო გადაცემის  წამყვანი და არხის გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი პირდაპირ ეთერში მაყურებელს დაემშვიდობა.

მანამდე,  ლუბა ელიაშვილმა გადაცემის ეთერში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის  ოჯახის გადაწყვეტილება „მე-9 არხის“ და სააგენტო „ინფო 9“-ის დახურვის შესახებ, არხის თანამშრომლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: "არავის ამ არხზე არ გაგვიხარდა არხის დახურვა. წარმოუდგენელია ეს ამბავი ვინმესთვის იყოს სასიამოვნო. თუმცა ძალიან ბევრი მიზეზით ეს ყველაფერი არის გასაგები. ალბათ, მეც და თქვენც ბრაზდებოდით, რომ ყველა პრესკონფერენციაზე ისმებოდა კითხვა არხის გასხვისების შესახებ. პრემიერი ამ კითხვას პასუხობდა ზოგჯერ უფრო გაბრაზებული ზოგჯერ უფრო მშვიდად. რეალურად ამ შეკითხვას ჩვენი კოლეგები ყოველთვის სვამდნენ. კანონმდებლობასთან ამას პრობლემები არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი თავს მოვალედ თვლიდნენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის პრემიერს საკუთარი არხი არ ჰქონოდა. თუ მართალაც მისთვის ძვირფასია ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება და ის მართლაც ძვირფასია, მეცხრა არხის  და ინფო–9–ის თანამშრომლებმა დავამტკიცეთ, როცა ამ დემოკრატიისთვის ვშრომობდით, ვიბრძოდით და ვიღწვოდით ეს ყველაფერი არის ცალსახა" – აღნიშნა ელიაშვილა, რომლის აზრითაც პრემიერ–მინისტრის  გადაწყვეტილება დემოკრატიის განვითრებას წაადგება და ამ არხის პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის ყოველთვის სამსახური კარგ და დემოკრატიულ ქვეყანაში.  

ელიაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ "მეცხრე არხის" რეიტინგთან დაკავშირებით, ჟურნალისტური გამოძიება მზადდებოდა. "გადამოწმებული გვაქვს რამდენად არასწორია პანელი, სადაც იზომება ჩვენი რეიტინგები. ძალიან მინდოდა, რომ ეს გამოძიება ეთერში გასულიყო, იმიტომ, რომ ყველა მაჩვენებლით, მაგალითად ინტერნეტმთვლელით, ცხადად ჩანს, რომ "მეცხრე არხი" გახდა ძალიან კარგი და რეიტინგული ტელევიზია".  

შეგახსენებთ, რომ „მეცხრე არხის“ და „ინფო9“– ის დახურვის შესახებ განცხადება დღეს, 19 აგვისტოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა.  განცხადებაში ის ამბობს:

 "ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. პირადად მე და ჩემს ოჯახს ეს დიდ უხერხულობას გვიქმნის, რაც არაერთხელ განვაცხადე კიდეც. არჩევნებში გამარჯვებისთანავე მე და ჩემს ოჯახს გვინდოდა გაგვესხვისებინა ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“, მაგრამ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გამო კიდევ 10 თვე გავახანგრძლივეთ ამ მედიასაშუალებების მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვეძებდით მყიდველს, რომელიც ამუშავებდა ამ მედიასაშულებებს. 16 აგვისტოს, პარასკევს, ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა" – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. 

პრემიერმინისტრი ასევე აცხადებს, რომ თუ რეალური მყიდველი გამოჩნდება, ტელეკომპანიას მესამედ ფასში გაყიდის:

 "დღეიდან, 19 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე, კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედიასაშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ–ტექნიკურ ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს. თუ პირველ სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია ,,მე–9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო9“–ის მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამშრომელთათვის კომპენსაციების გადახდას, მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ყველა თანამშრომელს გადავუხადოთ 2 თვის კომპენსაცია. მიმაჩნია, რომ ტელევიზიასა და მედიასაშუალებაში ჩადებული ფულით არ უნდა ვეხმარებოდე ქვეყანას. მე ჩემს ქვეყანას სხვა, უფრო ეფექტიანი პროექტების განხორციელებაში შევუწყობ ხელს."

თამთა ჯანაძემ, „მე-9 არხის“  ახალი ამბების რეპორტიორმა ტელეარხის ბოლო საინფორმაციო გამოშვების ეთერში  განაცხადა, რომ არხის დახურვის შესახებ ინფორმაცია მისთვის იყო „ძლიერი შოკი“.
„არა თუ დახურვას, ტელევიზიის  სამომავლო გეგმებს ვაწყობდით, საინფორმაციო სამსახურის გაძლიერებაზე მიდიოდა მუშაობა“, განაცხადა ჟურნალისტმა.

ნიკა ჩალათაშვილმა, არხის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, განაცხადა, რომ ტელევიზიის  მფლობელს ვერ დაადანაშაულებს, ვერც იურიდიულად და ვერც მორალურად,  მაგრამ პრემიერს მაინც დაუსვამდა კითხვას:, „მან [ბიძინა ივანიშვილმა] ადრე თქვა, რომ პირველად მე-9 არხის დახურვა იყო შეცდომა. ხომ არ უშვებს იგივე შეცდომას, და რატომ არ გამოიტანა წინა შეცდომიდან დასკვნა?“

მე-9 არხის რეპორტიორისთვის, თინა ბაკურაძისთვის,  გასაგებია ივანიშვილის გადაწყვეტილება,  რომ ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნა იმ თვალსაზრისით,  რომ არ შეიძლებოდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს სახელისუფლებო კოალიციის ლიდერს ჰქონოდა ტელევიზია.

ნათია როყვამ, "მე-9 არხის" ბათუმელმა კორესპონდენტმა, Media.Ge-ს განუცხადა, რომ  ის გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ელოდებოდა  პრემიერის ამ გადაწყვეტილებას.

„აბსურდულლია პრემიერმა აფინანსოს ტელევიზია და ამ ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალლისტები აკრიტიკებდნენ მთავრობას“, განაცხადა ჟურნალისტმა.

"მე-9 არხის" განვითარების მენეჯერმა რამაზ სამხარაძემ media.Ge-ს უთხრა, რომ 19-აგვისტოსვე  არხის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება თავად თანამშრომლებმა მიიღეს, რადგან, ყველასთვის ცხადია, რომ 1 სექტემბარმდე ტელევიზიას არავინ იყიდის.

"თავად, რამდენჯერმე გავხდი მოწმე უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებების, რომელიც, როგორც ჩანს, უშედეგოდ დასრულდა", თქვა სამხარაძემ. ამის მიუხედავად, დასძინა მან,  პრემიერის გადაწყვეტილება მისთვის მაინც  მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან  სექტემბრიდან ახალი პროექტების ამუშავებას გეგმავდნენ. 

"ვიცი, რომ  ჟურნალისტ ნანა ლეჟავასთანაც კი გაფორმდა ხელშეკრულება, ის  ახალ გადაცემას უნდა გაძღოლოდა, გარდა ამისა, ჩაიშალა გენდერულ საკითხებზე გაეროს მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელება.  ეთერში აღარ გავა პოლიტიკური დებატები, რომელსაც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან  გაფორმებული კონტრაქტი ითვალისწინებდა და მას ეკა ბერიძე უნდა გაძღოლოდა". თქვა სამხარაძემ.

მისივე ინფორმაციით, უმუშევარი რჩება 500-ზე მეტი თანამშრომელი, ცენტრალურ ოფისთან ერთად, იხურება 14 ადგილობრივი და ორი საერთაშორისო ბიურო.

საჯარო რეესტრის თანახმად, შპს "მეცხრე არხის" გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილია, ხოლო კომპანიის 100 პროცენტს შპს "აქცეპტი" ფლობს. კომპანიის 20 პროცენტს კახა კობიაშვილი, ხოლო 80 პროცენტს პრემიერ–მინისტრის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე ფლობს. 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test