შემოგვიერთდი

22.08.2013 14:14

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტები „მეცხრე არხის“ გათიშვის გამო გააკრიტიკა

თამარ ფარადაშვილი

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის გაუგებარია  ჟურნალისტებისა და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება 1 სექტემბრამდე „მე-9 არხის“ გათიშვის შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა 22 აგვისტოს სააგენტო „ინფო 9“-ს განუცხადა, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ დაგეგმილი იყო ტელევიზიის გაყიდვა.

მისი თქმით, მყიდველი არ გამოჩნდა, თუმცა მას არასაჯაროდ ეძებდა, ისე, რომ აჟიოტაჟი არ გამოეწვია და „ტელევიზიას ჩრდილი არ მიყენებოდა.“ „საბოლოოდ ყველა მყიდველმა უარი თქვა წინა პარასკევს [19 აგვისტოს]. მე მოველაპარაკე ქალბატონ ლუბას [ ლუბა ელიშვილს, ტელევიზიის ხელმძღვანელს], ავუხსენი და ვუთხარი, რომ ამაზე გვიან [19 აგვისტოს შემდეგ] განცხადების გაკეთება უხერხული იქნება. ჩემთვის უცნაური იყო ჟურნალისტების და ხელმძღვანელობის რეაქცია, რომლებმაც გათიშეს არხი. ამ დროს მიმტკიცებდნენ რომ არიან არხის ყიდვის მსურველები, რაშიც ეჭვი მეპარება, თუმცა, თუ ასეთი გამოჩნდა მოხარული ვიქნები. ძალიან გაუგებრად მოიქცნენ, რომ არხი გათიშეს“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან დასძინა, რომ „მე-9 არხის“  არცერთი თანამშრომელი „არ გადმოსულა ბი-ბი-სი-დან და სი-ენ-ენიდან.“ „უმეტესობა იყო უმუშევარი, ბევრი არც იყო ჟურნალისტი და მისასალმებელია, რომ ჩვენთან [„მე-9 არხში“] ისწავლეს. მათ როგორც სტუდია ისე გაიარეს ეს“, განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „მეცხრე არხის“ შენახვა მას თვეში 1 მილიონი აშშ დოლარი უჯდებოდა და ჯამში 10 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც ჟურნალისტებისთვის გააკეთა, რომ ისინი არ დაზარალებულიყვნენ.  მან აღნიშნა, რომ „ინფო9“-ც იყო დროებითი პროექტი, რის შესახებაც ყველა იქ მომუშავე პირი ინფორმირებული იყო, თუმცა ლუბა ელიაშვილმა მის განცხადებაში ის ნაწილი, სადაც ამის შესახებ იყო საუბარი, ამოაღებინა.

ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ჟურნალისტების რეაქცია იყო შოკისმომგვრელი „ახლა მამადლიან გამოგვიყენაო,  უხელფასოდ იმუშავეს? სხვაზე ნაკლები ხელფასი ჰქონდათ? სხვებზე მეტი ხელფასიც ჰქონდათ ჰქოდნათ და ჭარბი თანამშრომლებიც იყვნენ, ახლა საუბრობენ, რომ გამოვიყენე.  კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მეტი დაჭერა ტელევიზიის აღარ შეიძლებოდა“აცხადებს პრემიერ-მინისტრი და აღნიშნავს, რომ „ჟურნალისტების რეაქცია იყო არაპროფესიონალური, იყვნენ კიდეც არაპროფესიონალები, პროფესიონალები ჩემი განცხადების მერე არხს არ დახურავდნენ, პატივი უნდა ეცათ მაყურებლისთვის“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ  ტელევიზიის გაყიდვის საქმეზე სპეციალური ჯგუფი გამოყო და გამოჩნდება ტელევიზიის მყიდველი,  მას უარი არ ეთქმევა. „თუმცა მგონია, რომ ახლა ცარიელი ხმაურია ატეხილი“ დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ „მეცხრე არხის“ მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ჟურნალისტებმა  19 აგვისტოს პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ რამდენიმე საათში მიიღეს, როცა მან განაცხადა, რომ  1 სექტემბრამდე მისი ოჯახი კუთვნილებაში მყოფი არხი თუ არ გაიყიდებოდა, დაიხურებოდა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test