შემოგვიერთდი

23.08.2013 13:51

რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის პირობებს ყველაზე მეტად „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და ‘სტერეო+“ შეესაბამება- GNCC

თამარ ფარადაშვილი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით,  თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციებიდან  კონკურსის მოთხოვნებს ყველაზე მეტად „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და ‘სტერეო+“ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.  

თბილისში FM 93.5 სიხშირეზე ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობას ხუთი კომპანია იღებს, ესენია: შპს „არტპალასი“, შპს „ენერჯი გრუპი“, შპს „სტერეო+“, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და შპს „არტ რადიო“. კომისიამ კონკურსში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილი კონცეფციების ზეპირი მოსმენა 22 აგვისტოს მოაწყო, კონკურსის შედეგებს კი 26 აგვისტოს გამოაცხადებს.

კომისიის დეპარტამენტის მიერ ზეპირი მოსმენის შემდეგ  მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ „ლიცენზიის მაძიებლების მიერ შეთავაზებული თემატიკისა და ასევე ერთი და იმავე თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი უზრუნველყოფილია შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ და შპს „სტერეო +“–ის მიერ“.

დასკვნაში აგრეთვე ნათქვამია, რომ   „ენერჯი გრუპის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში გათვალისწინებული არ არის საბავშვო და ახალგაზრდული თემატიკის პროგრამები, შესაბამისად, კომპანიის მიერ საზოგადოების ამ ნაწილის ინტერესები გათვალისწინებული, არ არის. „წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, ასევე გათვალისიწნებული არ არის გასართობი ხასიათის პროგრამები, ხოლო რაც შეეხება მუსიკალურ თემატიკას, აქ მხოლოდ ზოგადი მითითებაა რადიოს მუსიკალურ მიმართულებაზე“.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ   „არტ პალასის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში გათვალისწინებული არ არის ანალიტიკური და ახალგაზრდული თემატიკის პროგრამები, ხოლო საბავშვო და სპორტული თემატიკის ფარგლებში პროგრამული მრავალფეროვნება შემოთავაზებულია მხოლოდ რუბრიკების მეშვეობით (გადაცემაში „დილის ეთერი“), თუმცა აქაც კონკრეტული პროგრამები მითითებული არ არის.

რაც შეეხება  „არტ რადიოს“, კომისიის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მის მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში გათვალისწინებული არ არის ანალიტიკური თემატიკის პროგრამები.

დეპარტმანეტის მიერ მომზადებულ დასკვნაში აგრეთვე ნათქვამია, რომ "შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ და შპს „სტერეო +“–ის მიერ წარმოდგენილი სამაუწყბლო კონცეფციის ურთიერთშედარების შედეგად, დეპარტამენტს საძიებელი ლიცენზიის სახეობიდან (საერთო რადიომაუწყებლობა) გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია გათვალისწინებულ იქნას ლიცენზიის მაძიებლების მიერ საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის ფარგლებში შეთავაზებულ თემათა მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებით სამაუწყებლო ზონის ყველა სოციალური ჯგუფის (ასაკობრივი, გენდერული და სხვ.) მოცვის ხარისხი, რაც დეპარტამენტის აზრით მეტწილად უზრუნველყოფილია შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში. ამასთან, დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ რადიომაუწყებლობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია".

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ.

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test