შემოგვიერთდი

25.08.2013 10:20

პოლიციამ ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გადაღებული მასალა წაუშალა -tabula.ge

media.ge

ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტი გიორგი სიხარულიძე  პოლიციის 5-მდე თანამშრომელმა მანქანიდან ჩამოსვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გადაღებული მასალა მობილური ტელეფონიდან წაუშალა. ინციდენტი 24 აგვისტოს, საღამოს, თბილისში, პოლიციის რეიდის დროს მოხდა, იუწყება, „ტაბულას“ ვებ-გვერდი.

ჟურნალის მტკიცებით, გიორგი სიხარულიძემ ტელეკომპანიიდან გამოსვლის მომენტში, მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა საპატრულო პოლიციის ხუთამდე ავტომანქანა. პოლიციას ადგილზე დაკავებული ყავდა რამდენიმე პირი. ტაბულას ჟურნალისტი მანქანაში ჩაჯდა, მომხდარი მობილურით გადაიღო და გზა განაგრძო. სწორედ ამ დროს, 100 მეტრის გავლის შემდეგ, ის გააჩერეს, დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაჩხრიკეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მას ჩამოართვეს მობილური, საიდანაც წაშალეს გადაღებული ვიდეომასალა. პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც „შკოდას“ მარკის შავი ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, სიხარულიძეს მობილურის ჩამორთმევით ემუქრებოდნენ.

გიორგი სიხარულიძემ პოლიციის თანამშრომლებს ინცინდენტის ამოწურვის შემდეგ განუცხადა, რომ ჟურნალისტია. მას აინტერესებდა, როგორ ექცევა პოლიცია მოქალაქეებს.   მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა შეიტყეს სიხარულიძის პროფესიისა და სამუშაო ადგილის შესახებ, მას აგდებულად ურჩიეს მომავალში „პრესკარტის" ტარება.

ტელეკომპანია „ტაბულა", რომელიც  აღნიშნავს, რომ, ჟურნალისტის გაჩერება და ჩხრეკა, ისევე როგორც მობილურიდან მასალის წაშლა, პოლიციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოხდა, შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ინციდენტი და დასაჯოს დამნაშავეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა  "ნეტგაზეთს" განუცხადა, რომ ტელეკომპანია "ტაბულას" ჟურნალისტთან დაკავშირებით კანონდარღვევა არ დადასტურდა:

"მოკვლევა ჩატარდა და პოლიციელის მხრიდან კანონდარღვევა არ დადასტურდა, პოლიციელების მხრიდან ამ ადამიანის მიმართ კანონდარღვევა არ ყოფილა, იმასაც რასაც "ტაბულა" აცხადებს არ დადასტურდა". – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. 

"ტაბულას" ჟურნასლისტმა  გიორგი სიხარულიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ საგამოძიებო სტრუქტურას ის არ დაუკითხავს:

"ჯერ ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, შესაბამისად არავინ არ დაუკითხავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, ჩვენ ოფიციალური განცხადება გავავრცელეთ, რაღაც რეაგირება ხომ უნდა მოჰყოლოდა.სარჩელის შეტანას ვაპირებთ"– განუცხადა "ნეტგაზეთს" გიორგი სიხარულიძემ. 

ტელეკომპანია “ტაბულას” ისევე, როგორც ჟურნალი “ტაბულას” მფლობელი “სამოქალაქო განათლების ფონდია”.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test