შემოგვიერთდი

26.08.2013 10:44

რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართულ კონკურსში „ენერჯი გრუპმა“ გაიმარჯვა

ნატა ძველიშვილი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში „ენერჯი გრუპმა“ გაიმარჯვა. კომპანია რადიო „ზენიტის“ შექმნას გეგმავს და თბილისში FM 93.5 სიხშირეზე იმაუწყებლებს. 26 აგვისტოს გამართულ სხდომას კომისიის მხოლოდ სამი წევრი ესწრებოდა, რომელთაგან ორმა ხმა „ენერჯი გრუპს“ მისცა. მეოთხე წევრი აკაკი სიხარულიძე შვებულებაში იმყოფება, ერთი ადგილი კი ვაკანტურია.

ზენიტი

შპს „ენერჯი გრუპი“ - კომპანია მიმდინარე წლის 7 მარტს დაფუძნდა და ინგლისურენოვან ბიზნეს-ჟურნალს Commercial Times -ს გამოსცემდა. მისი დირექტორი სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილია, მასვე ეკუთვნის კომპანიის 20 პროცენტი, 80 პროცენტს კი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა ჩხენკელი ფლობს.  მათ „ენერჯი გრუპი“ მიმდინარე წლის  6 ივნისს თავდაპირველი მფლობელებისგან (თამარ თირქია, ანი ტაბატაძე, ქეთევან ტაბატაძე) 6 ათას 200 ლარად შეიძინეს.

ბაინდურაშვილმა და ჩხენკელმა უკვე იყიდეს ტელეკომპანია TV3 (ყოფილი რეალტივი), რომელიც ორიენტირებულია ბიზნესის გაშუქებაზე.

 „ენერჯი გრუპის“ მიერ კომისიაში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, რადიო ფუნქციონირების დაწყებას  ლიცენზიის მიღებიდან 2 თვის ვადაში გეგმავს. მაუწყებლობის ხანგრძლივობა 19 საათი იქნება. დამფუძნებლები კახა ბაინდურაშვილი და ლაშა ჩხენკელი იღებენ ვალდებულებას, რომ რადიოს პირადი სახსრებიდან დააფინანსებენ. რადიო ძირითადად ბიზნესსის სიახლეებს გააშუქებს.

თბილისში FM 93.5 სიხშირეზე მაუწყებლობის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში „ენერჯი გრუპის“ გარდა მონაწილეობას იღებდნენ შპს „არტპალასი“,შპს „სტერეო+“,შპს „არტ რადიო“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“.

მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად,  თემატური მრავალფეროვნება ყველაზე მეტად სწორედ  „ჰერეთის“ მიერ წარდგენილ კონცეფციაში იყო უზრუნველყოფილი, ამიტომ კომისიის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა „ჰერეთის“ დირექტორისთვის, რამაზ სამხარაძისთვის, რომელიც ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.

„უსამართლოა ეს გადაწყვეტილება. რეგულირების დეპარტამენტმა აბსოლუტურად სხვა დასკვნა დადო, კომისიამ კი სხვა გადაწყვეტილება მიიღო. დღეს ლიცენზია მოიპოვა მაუწყებლობაში სრულიად გამოუცდელმა კომპანიამ, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რომელსაც დღეს აქვს საკმაოდ დიდი გავლენა ახლანდელ მთავრობაში“, - აღნიშნა რამაზ სამხარაძემ, კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ კომისია სამაუწყებლო ლიცენზიებს სამაუწყებლო პრიორიტეტების დადგენის საფუძველზე გასცემს, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. კონკურსის გამოცხადებამდე კომისიამ ახალი კვლევის ჩატარება ვერ მოასწრო და  კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება საკუთარი გემოვნების მიხედვით მიიღეს. ახალი სამაუწყებლო პრიორიტეტები მოგვიანებით, 23 აგვისტოს გამოქვეყნდა, როდესაც კონკურსის ზეპირი მოსმენა უკვე გამართული იყო. კანონის თანახმად, საერთო მაუწყებლობის ლიცენზია მაუწყებელს მინიმუმ ორი სახის გადაცემის წარმოებას  ავალდებულებს, რომელთაგან ერთ-ერთი საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს.

რადიო „ჰერეთი“ რამდენიმე წელია თბილისში მაუწყებლობის უფლების მიღებას ითხოვს. ის 2011 წელს გამოცხადებულ კონკურსშიც  მონაწილეობდა, თუმცა მაშინ გამარჯვება შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ მოიპოვა,  FM 98.5 სიხშირე მიიღო და რადიო „ცხელი შოკოლადი“ შექმნა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test