შემოგვიერთდი

06.09.2013 11:36

თინა ხიდაშელმა GNCC-ის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა

მაია წიკლაური

თინა ხიდაშელი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) საქმიანობის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა 6 სექტემბერს პარალამენტის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა. მან პარლამენტს წარუდგინა ტექსტი, რომელსაც დეპუტატთა ერთი მესამედის (50 დეპუტატი) ხელმოწერა ესაჭიროება კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად.

ხელმოწერების შეგროვებას GNCC-ის საქმიანობის კომისია დღეს დაიწყებს და თუკი დოკუმენტს მინიმუმ 50 დეპუტატი მოაწერს ხელს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება პარლამენტს შემდეგ პლენარულ სხდომაზე შეეძლება. კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის მიერ ივლისში გამოქვეყნებული საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, კარლო კვიტაიშვილის მიმართ საუბარი იყო 2 კანონის,  საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კსნონის, ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონის, დარღვევაზე. კერძოდ, თინა ხიდაშელის თავმჯდომარეობით კომისიამ დაადგინა, რომ კომუნიკაციების კომისიის წევრობის პარალელურად კვიტაიშვილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

„ჩვენ გვაქვს ცესკოდან მიღებული დოკუმენტი, სადაც დადასტურებულია, რომ კვიტაიშვილი იყო  საარჩევნო ადმინისტრაციაში  პარტიის  წარმომადგენელი (კვიტაიშვილს ეს  სტატუსი  2013 წლის 24 აპრილს შეუწყდა-რედ). დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოპონენტები შეგვედავებიან, თუმცა ჩვენ გვაქვს ბატონ მიხეილ მაჭავიარიანის [პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“] დადასტურება, რომ კვიტაიშვილი ნამდვილად იყო პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ იყო თუ არა ის პარტიის წევრი, ამაზე მაჭავარიანი არ გვპასუხობს. პარტიის წევრობა არ რეგისტრირდება  საჯარო რეესტრში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“  შეიძლება დღეს თქვას,  რომ კვიტაიშვილი არ არის პარტიის წევრი, მაგრამ ხვალ გადათქვას. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის  პარტიულ კუთვნილებას  ვერც ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] უარყოფენ  ფორმულარუდ და ვერც ჩვენ დავამტკიცებთ. სწორედ ამიტომ, ვაპირებ პარლამენტის სხდომაზე წარვდგე  დოკუმენტით, რომ კვიტაიშვილი იყო პარტიის ინტერესების გამტაარებელი საარჩევნო ადმინისტრაციაში. ეს არის საკმარისი არგუმენტი იმის დასამტკიცდებლად, რომ დარღვეულია „მაუწყებლის შესახებ კანონის“ იმპერატიული მოთხოვნა, რომლის მიხედვით,  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი,“ - აცხადებდა ხიდაშელი საქმიანობის ანგარიშის გამოქვეყნებისას 2013 წლის ივლისში.

კარლო კვიტაიშვილი

კარლო კვიტაიშვილი კი მაშინ აღნიშნავდა, რომ ის არასდროს არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრი. ის იყო უბრალოდ მხარდამჭერი და წარმოადგენდა ნაციონალურ მოძრაობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, მას შემდეგ, რაც დეპუტატები დააყენებენ კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს, პარლამენტმა კენჭი 30 დღის განმავლობაში უნდა უყაროს. კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტი, ანუ მინიმუმ 90 დეპუტატის თანხმობა.

თუ ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია ან პარლამენტი არ ჩაატარებს კენჭისყრას ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება. ერთი ფაქტის საფუძველზე კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დაყენება დაუშვებელია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test