შემოგვიერთდი

06.09.2013 13:46

ნიკა გვარამია თინა ხიდაშელის ბრალდებებს პაუხობს

მაია წიკლაური

გვარამია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) საქმიანობის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა პარლამენტის სხდომაზე 6 სექტემბერს განაცხადა, რომ მათ აქვთ დოკუმენტები, რაც ადასტურებს, სახელმწიფოს მხრიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის არაპირდაპირ დაფინანსებას.  

ხიდაშელის თქმით, „რუსთავი 2“-ის არაპირდაპირი დაფინანსება ტელეკომპანია „საქართველოს“ მეშვეობით ხდებოდა.

„ტელეკომპანია „საქართველოს“, 26 მილიონი ლარი აქვს მიღებული სახელმწიფოსგან, აბსოლუტურად უკანონოდ. არსებობს საქართველოს პრეზიდენტის აქტი, რომლითაც ასეთი ნებართვა გაიცა ტელევიზიის დაფინანსების შესახებ და ეს აქტი პირდაპირ საუბრობს სპონსორობაზე. არადა საქართველოს კანონი "მაუწყებლობის შესახებ" საჯარო დაწესებულების მხრიდან სატელევიზიო ეთერში სრული გადაცემის სპონსორობას კრძალავს. თუმცა კომუნიკაციების კომისია ამ საკითხით არ დაინტერესდა“, - აღნიშნავს ხიდაშელი.

მისი განცხადებით, ტელეკომპანია „საქართველომ“ 2012 წლის ზაფხულში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სგან დაახლოებით 6 მილიონ ლარად შეიძინა 2 ათასი კვადრატული მეტრი მიწა და 4 ათასი კვადრატული მეტრის შენობა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოქტომბერში ტელეკომპანია „საქართველომ“ ეს მიწა და შენობა-ნაგებობები „რუსთავი 2“-ს ტელეკომპანიის 51 პროცენტის სანაცვლოდ უკან დაუბრუნა.

„შემდეგ ანგარიშში ჩვენ დეტალურად წარმოგიდგენთ ფინანსურ სქემას, რომელსაც ტელეკომპანია „საქართველო“ ახორციელებდა. [„საქართველოს“] ყველა ნაბიჯი მოტივირებული იყო არაპირდაპირი სიკეთით „რუსთავი 2“-თვის ანუ ჩვენ სახეზე გვაქვს "რუსთავი 2"-ის არაპირდაპირი დაფინასნება ბიუჯეტიდან, რომ არაფერი ვთქვათ, პირდაპირ დაფინანსებაზე, რომელსაც ასევე იღებდა „რუსთავი 2“ სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ხიდაშდელმა. მისი თქმით, საპარლამენტო კომისიამ ვერ შეძლო „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიასგან მათ კითხვებზე პასუხების მიღება.

„ნიკა გვარამია არის ერთადერთი ადამიანი საქართველოში, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენთან თანამშრომლობაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას, როდესაც ჩვენ მას დაკითხვაზე დავიბარებთ, კეთილს ინებებს და დაკითხვაზე ზეპირად გასცემს პასუხებს ჩვენს კითხვებს. არცერთი დოკუმენტი ჩვენ „რუსთავი 2“-სგან არ მიგვიღია და მე მისგან მუდმივად ვიღებ წერილებს, თუ რა უფლებები არ აქვს, თურმე, საგამოძიებო კომისიას“, - აღნიშნა ხიდაშელმა პარლამენტის სხდომაზე.

თინა ხიდაშელს ნიკა გვარამიამ პასუხი „რუსთავი 2“-ის ეთერში, საინფორმაციო პროგრამა „კურიერში“ გასცა. მან აღნიშნა, რომ ხიდაშელის განცხადებაში არის ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა და კვალიფიკაციის პრობლემებიც. გარდა ამისა, ხიდაშელი „რუსთავი 2“-თვის გაგზავნილ წერილებში არ ითხოვდა ინფორმაციას ტელეკომპანიის მფლობელების შესახებ. გვარამიას თქმით, ის ხიდაშელის მიერ გაგზავნილ კითხვებს იმ შემთხვევაში უპასუხებდა, თუკი ამ კითხვებს მას დასუვამდა პარლამენტის საგამოძებო კომისია და არა კონკრეტულად თინა ხიდაშელი.

„მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი საკითხები არის ჩვენი კომერციული საიდუმლოება, მათ კითხვებს ვუპასუხებდით, თუკი მოგვმართავდნენ კანონით უფლებამოსილი ორგანოები, როგორიცაა საგადასახადო და საგამოძიებო ორგანოები, ასევე საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისია. ქალბატონი ხიდაშელი არ არის თვითონ საგამოძიებო ორგანო. ვთხოვეთ ქალბატონ ხიდაშელს, რომ წარმოგვიდგინოს კომისიის ოქმი, რომლის თანახმადაც „რუსთავი 2“-სგან უნდა იქნეს გამოთხოვილი შესაბამისი ინფორმაცია. თუმცა, ეს დოკუმენტი ჩვენ დღემდე არ გვაქვს“, - განაცხადა გვარამიამ.

ასევე მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა წამყვანმა „რუსთავი 2“-ს თანამშრომლობაზე უარი იმ მოტივით განუცხადა, რომ მან კონსულტაცია გაიარა თინა ხიდაშელთან, რომელმაც თითქოს ამ ჟურნალისტს „რუსთავი 2“-ზე გადასვლისგან თავის შეკავება ურჩია, ვინაიდან ეს ტელეკომპანია წლის ბოლომდე დაიხურებოდა, რასაც თვითონ ხიდაშელი უზრუნველყოფდა. 

„ქალბატონ ხიდაშელს მინდა ვუთხრა, რომ ის "რუსთავი 2"-თან მიმართებაში ვერასდროს ვერაფერს ვერ უზრუნველყოფს. დაკავდეს უფრო საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებით და იქნებ, რომელიმე მიმართულებით წარმატებული იყოს. ამ მხრივ, ის წარმატებული ნამდვილად ვერ იქნება და ნუ გაიხდის ცხოვრების მიზნად "რუსთავი 2"-თან ბრძოლას", - აღნიშნა გვარამიამ.

თინა ხიდაშელმა ისაუბრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, „მზისა“ და „საქართველოს“ მფლობელებზეც. მან აღნიშნა, რომ 2005-2006 წლებში ტელეკომპანია „მზესა“ და „რუსთავი 2“-ს მუდმივად ეცვლებოდათ მფლობელები, მაგრამ ორივე ტელევიზიას მუდმივად ჰყავდა ერთი და იგივე მფლობელი და ისინი დაკავშირებული იყვნენ ბეჟუაშვილის სახელთან. მოგვიანებით კი ძმები ყარამანიშვილები ფლობდნენ წილებს ერთდროულად ტელეკომპანია „მზეში“, „საქართველოსა“ და „რუსთავი 2“-ში.

იმის დასტურად, რომ ტელეკომპანიის მფლობელები არღვევდნენ "მაუწყებლობის შესახებ" კანონს ხიდაშელმა მე-60 მუხლი მოიყვანა. ამ მუხლის მიხედვით, აკრძალულია იურიდიული, ან ფიზიკური პირი ფლობდეს ერთზე მეტ სიხშირულ საერთო სამაუწყებლო ლიცენზიას.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი კომისია გეგმავს ამ და სხვა საკითხებზე დაკითხვები პარლამენტის საჯარო სხდომებზე ჩაატაროს. სექტემბერში საქმიანობის გასაგრძელებლად ხიდაშელმა პარლამენტს დადგენილების პროექტი წარუდგინა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test