შემოგვიერთდი

10.09.2013 13:22

საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემა სახელმწიფო უწყებებში ჯერ არ ამოქმედებულა

ნატა ძველიშვილი

საქართველოს მთავრობა

მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს მთავრობის ახალი დადგენილება შევიდა ძალაში და საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მიღება შესაძლებელი გახდა, თუმცა ეს პუნქტი სახელმწიფო უწყებებს ჯერ არ აუმოქმედებიათ. დადგენილება, რომელიც მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით მიიღო, შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებს შეეხო: საქართველოს მთავრობის კანცელარია, სამინისტროები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი,  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება.

მხოლოდ ამ კატეგორიაში მოხვედრილი უწყებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესაძლებლობა ელექტრონული რესურსის საშუალებით. ეს გულისხმობს იმას, რომ მათ საკუთარ ვებგვერდზე უნდა შექმნან სპეციალური განყოფილება სადაც შესაძლბელი იქნება სასურველი საჯარო ინფორმაციის ელეტრონულად გამოთხოვის რეგისტრაცია, შემდეგ კი ავტომატურად დადასტურება იმისათვის, რომ ინფორმაციის ვერმიღების შმეთხვევაში სასამართლოში გასაჩივრება შესაძლებელი იყოს და პირს ჰქონდეს საშუალება დაამტკიცოს, რომ მან ნამდვილად გააგზავნა ინფორმაცია ელექტრონულად.

ამავე დადგენილებაში გაწერილია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ინფორმაციის მიღებისთვის დადგენილი 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, მომდევნო სამუშაო დღეს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექოტრის გიორგი კლდიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობასთან თუ რა სისტემით უნდა გაიგზავნოს წერილი.

„ეს სისტემა უნდა იყოს უნივერსალური ყველა უწყებისთვის. ელექტრონული ფოსტა (E-mail) ყველაზე პრიმიტიულია და არავითარი დამცავი მექანიზმი არ აქვს, ამიტომ ახალი სისტემაა შესაქმნელი. წესით, ამ თვის ბოლომდე სტანდრტი უნდა არსებობდეს და მალე დაინერგოს“, - აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა Media.Ge-სთან საუბრისას და იქვე აღნიშნა, რომ IDFI პროცესის მონიტორინგსაც აპირებს.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელექტრონულად უკვე არის შესაძლებელი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე განთავსებულია სპეციალური გრაფა, სადაც მონაცემების შეყვანის შემდეგ წერილის გაგზავნა შესაძლებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ დადასტურების შეტყობინება არ მოდის. შსს-ს საიტზე კი მობილურ ტელეფონზე სპეციალური კოდი იგზავნება, წერილის გაგზავნა მხოლოდ ამის შედეგ არის შესაძლებელი, თუმცა არც ამ შემთხვევაში გიდასტურებენ წერილის მიღებას. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი არათუ საჯარო ინფორმაციის ვებ-გვერდი არ შეუქმნია, საიტის ვიზიტორებს აფრთხილებს, რომ „ვებ-გვერდის მეშვეობით გამოგზავნილი წერილი ატარებს საინფორმაციო ხასიათს, შესაბამისად მასზე გაცემული პასუხი ვერ იქნება იურიდიული ძალის მატარებელი!“  

გარდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა, მთავრობის ამავე დადგენილებით უწყებებს დაევალათ შექმნან საჯარო ინფორმაციის გვერდი, სადაც განთავსდება საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია. ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და გასაჩივრების წესები, აგრეთვე საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები.

სამინისტროებიდან დადგენილების ეს მოთხოვნა უკვე შეასრულა იუსტიციის, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტრომ. ამ უკანასკნელმა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული რამდენიმე კატეგორიის ინფორმაციები პროაქტიულადაც გამოაქვეყნა.

პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციების სია დადგენილებას თან ერთვის. უწყებები ვალდებულნი არიან 2013 წლის 1 იანვრიდან შექმნილი ინფორმაცია 2013 წლის 31 დეკემბრამდე გამოაქვეყნონ.

 

იხილეთ მთავრობის დადგენილება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test