შემოგვიერთდი

11.09.2013 09:27

„მოქალაქის პორტალი“ - ინფორმაციის ელექტრონულად მიღების შესაძლებლობა

ნატა ძველიშვილი

იუსტიციის სამინისტრომ საჯარო ინფრომაციის ელექტრონულად გამოთხოვის სისტემა დანერგა. MY.GOV.GE - მოქალაქის პორტალი „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ (OGP) ფარგლებში შეიქმნა და საშუალებას იძლევა ინფორმაცია ელექტრონულად გამოითხოვო 60-მდე საჯარო უწყებიდან, სადაც საქმის წარმოების ელექტრონული სისტემაა დანერგილი.

სისტემაში შესვლა მოქალაქეს ID ბარათისა და იმ პაროლითა და Username-ით შეუძლია, რომელსაც იუსტიციის სახლებში გასცემენ. ID ბარათის გამოყენებისთვის კი სპეციალური წამკითხველია საჭირო.

სისტემაში შესვლის შემდეგ მოქალაქე სპეციალურ გრაფებს ავსებს, ირჩევს უწყებას, სადაც წერილის გაგზავნა სურს. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დირექტორის, ირაკლი გვენეტაძის თქმით, მას შემდეგ რაც წერილი შესაბამის კანცელარიაში დარეგისტრირდება, მოქალაქე მობილური ტელეფონის საშუალებით მიიღებს რეგისტრაციის ნომერს, რითიც საკუთარი წერილის მოძებნა შეეძლება. უწყებიდან მისული პასუხი განთავსდება სპეციალურ განყოფილებაში „შესრულებული დავალებები“. ამავე სექციაში მომხმარებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს სხვადასხვა დროს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მის მიერ გაგზავნილი წერილები და პასუხები.

მთავრობის 26 აგვისტოს დადგენილებით, რომელიც მიმდინარე წლის 1 სექტემბერს შევიდა ძალაში, ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც ნაბეჭდი სახით გამოთხოვილს და მოქალაქეს ფორმატის (ბეჭდური თუ ელექტრონული) არჩევა თავად შეუძლია.

ამავე დადგენილებით, ელექტრონულად ინფორმაციის გაცემის ვალდებულება სხვა უწყებებსაც დაეკისრათ.  მათ შორისაა  შემდეგი ადმინისტრაციული ორგანოები: საქართველოს მთავრობის კანცელარია, სამინისტროები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი,  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება.

ამ უწყებების უმრავლესობას მსგავსი სერვისი ჯერ არ დაუნერგავთ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test