შემოგვიერთდი

03.10.2013 17:37

„ავთანდილ ანთიძეზე მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლა იყო“, - ემზარ გოგუაძე

გელა ბოჩიკაშვილი

ემზარ გოგუაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ემზარ გოგუაძე ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთ წევრზე, ავთანდილ ანთიძეზე, რომელმაც სამეურვეო საბჭოს დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლა იყო.

გოგუაძის თქმით, ანთიძე მას და სამეურვეო საბჭოს წევრებს არაერთხელ ესაუბრა მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

„ავთანდილ ანთიძე მუდმივად ამბობდა, რომ რაღაც შემოთავაზებები ჰქონდა, თუ სამეურვეო საბჭოს დატოვებდა“, - დასძინა ემზარ გოგუაძემ.

როგორც გოგუაძე ამბობს, მასაც ესაუბრნენ სამეურვეო საბჭოს დატოვების შესახებ. ამ პირების ვინაობის გამხელას ის ხვალიდნელ, 4 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე გეგმავს.

წევრების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებას სამეურვეო საბჭო საქართველოს პარლამენტიდან 4 ოქტომბერს ელოდება.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტიდან სამეურვეო საბჭოს ავთანდილ ანთიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას საბჭოში 7 მეურვე დარჩება.

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს საბჭოს დატოვების სურვილი ეკა მაზმიშვილმაც გამოთქვა. მან ამ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართ.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ცნობით, ეკა მაზმიშვილმა 30 სექტემბერს, ავთანდილ ანთიძემ კი 1 ოქტომბერს მიმართეს საქართველოს პარლამენტს, სამეურვეო საბჭოს დატოვების მოთხოვნით.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალური წერილით საქართველოს პარლამენტს უნდა მიმართოს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ვალდებულია 5 დღის განმავლობაში გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები საქართველოს პარლამენტს.

თუკი საბჭოში 8-ზე ნაკლები მეურვე დარჩება, ახალ გენერალურ დირექტორს ვერ დაამტკიცებს, რომლის შესარჩევ კონკურსზე განცახდების მიღების ვადა 12 ოქტომბერს იწურება. გარდა ამისა, 2013 წლის საეთერო სეზონის დასასრულებლად საზოგადოებრივ მაუწყებელს მინიმუმ 2 მილიონ 500 ათასი ლარის სესხის აღება სჭირდება. სესხის აღების თანხმობა მაუწყებელს მენეჯმენტს სამეურვეო საბჭომ უნდა მისცეს. საბჭოს 7 წევრიან შემადგენლობას კი, ამის უფლებომოსილება არ აქვს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test