შემოგვიერთდი

15.10.2013 09:11

„მაესტროს“ გენერალური დირექტორი შეეცვალა

გელა ბოჩიკაშვილი

ბაია გადაბაძე

„მაესტროს“ გენერალური დირექტორად ბაია გადაბაძე დაინიშნა. ის მანამდე ამავე ტელეკომპანიაში მთავარი პროდიუსერის თანამდებობაზე მუშაობდა. გადაბაძის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება არხის მფლობელებმა მიიღეს. საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილება ჯერ არ ასახულა.

გადაბაძემ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ილია კიკაბიძე შეცვალა. როგორც ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა განმარტა, ის არხზე სხვა ფუნქციების შესრულებას დაიწყებს.

არხის ერთ-ერთი მფლობელი, მამუკა ღლონტი ამბობს, რომ გადაბაძე ნიჭიერი პროდიუსერი და კარგი ორგანიზატორია, მასზე ყურადღება კი სწორედ ამ მოტივით შეჩერდა.  

„ეჭვი არ გვეპარება მის კეთილსინდისიერებაში, პროფესიონალიზმში - ის წლების განმავლობაში მუშაობდა მესტროში სხვადასხვა გადაცემებში და მან გამოავლინა თავი“, - დასძინა ღლონტმა Media.Ge-სთან საუბრისას.

ბაია გადაბაძე არხზე რეორგანიზაციის დაწყებას გეგმავს. რეორგანიზაციამდე მას არხზე უცხოელი კონსულტანტების მიწვევა და თანამშრომლების გადამზადება სურს, რის შემდეგაც შესაძლოა ზოგიერთმა თანამშრომლემა სხვა თანამდებობაზე გააგრძელოს მუშაობა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    

„მაესტროში დიდი ხანია ვმუშაობ. ახლა ამ სახის ურთიერთობა დავიწყეთ. შემოთავაზება იყო და ვფიქრობ - რადგან ჩათვალეს რომ ამ თანამდებობაზე მუშაობას შევძლებდი - დავთანხმებოდი. ემთხვევა ჩვენი შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშრებით და იმედი მაქვს, ნაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობა“, - აღნიშნა გადაბაძემ Media.Ge-თან საუბრისას.

„მაესტროს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მიმდინარე წლის სექტემბერში ნიკა ტაბატაძე განიხილებოდა. მაესტროს დამფუძნებელებსა და ტაბატაძეს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა. 

„ტაბატაძეს პატივს ვცემთ როგორც პროფესიონალს, მაგრამ მასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა“, - თქვა ღლონტმა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „მაესტროს“ მფლობელები არიან - მამუკა ღლონტი (15%), ლევან ჩიკვაიძე (15%), გიორგი ებრალიძე (15%), ეკატერინე აკობია (5%), გიორგი გაჩეჩილაძე (25%) და მაკა ასათიანი (25%).

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test