შემოგვიერთდი

17.10.2013 06:49

„მაესტროს“ ჟურნალისტებს მიშა ენატრებათ“ - ბიძინა ივანიშვილი

გელა ბოჩიკაშვილი

ბიძინა ივანიშვილი

“ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრის მიმართ ვერ დაფარეს განაწყენება”, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა 17 ოქტომბერს პრესისა და რადიოს წარმოამდგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ 10 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კოკა ყანდიაშვილის სტუმრობისას გადაცემის წამყვანებმა დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება, თუ „როგორ ენატრებათ მიშა“.  პრემიერ- მინისტრმა იგულისხმა პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი, რომელსაც უფლებამოსილება 27 ოქტომბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეწურება. 

ივანიშვილმა ჟურნალისტების „წყენის“ მიზეზიც განმარტა.

„როგორ გავბედე და მათგანაც ["მაესტროს" ჟურნალისტებისგან] მოვითხოვე არგუმენტირებული იყოს შენიშვნები. დღესაც ეს პრეტენზია მაქვს - გაქვთ შენიშვნები? სიამოვნებით ყველა თქვენს შეკითხვას, ყველა შენიშვნას მივღებ. კეთილი ინებეთ და არგუმენტებიც მოაყოლეთ“, - განმარტა პრემიერ მინისტრმა.

ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრს მათი გადაცემა „სუბიექტური აზრი“, რომლის სტუმარიც კოკა ყანდიაშილი იყო,  ნანახი ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ივანიშვილმა ჟურნალისტების მიერ გამოთქმული აზრები „კარგად ვერ გაიგო“.

„ჩვენგან ისეთი ჟურნალისტების იმიჯის შექმნა, რომელსაც მიშა ენატრება,  ძალიან ძნელია. ჩვენ ის ჟურნალისტები ვართ, რომლებიც მაშინ, როცა თითქმის მთელი მედია სააკაშვილის მონოპოლიის ქვეშ იყო, ვცდილობდით ამ სივრცის მიღმა გვეპოვა მედიასაშუალებები, სადაც შევძლებდით თავი გადაგვერჩინა, როგორც ამ პროფესიაში მყოფ ადმაიანებს“,- განუცხადა ტრაპაიძემ Media.Ge-ს.

10 ოქტომბერს გადაცემა „სუბიექტურ აზრის“ განსახილველი თემა იყო   ბიძინა ივანიშვილის  შეხევდრა ტელეჟურნალისტებთან, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა. ივნიშვილმა  მედიის წარმომადგენლებს არაობიექტურობა უსაყვედურა.  „სუბიექტურ აზრის“  ერთ-ერთმა წამყვანმა თეონა გოგელიამ კი  ამ შეხვედრის კომენტირებისას  სტუდიაში მოწვეულ კოკა ყანდიაშვილს განუცხადა, რომ სააკაშვილს აქვს რაღაც გარკვეული უნარები, რაც არ აქვს ივანიშვილს, თუმცა   მიესალმება სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

„სააკაშვილს აქვს რაღაც გარკვეული უნარები, რაც არ აქვს ივანიშვილს... ისინი არიან პოლიტიკური მეთაურები, მათ კრიტიკა არ მოსწონთ, მაგრამ ივანიშვილი ხვდება ჟურნალისტებს“, -თქვა გოგელიამ.  

საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 17 ოქტომბერს დილის 10 საათიდან მეჭდური მედიის წარმოამდგენლებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რომელსაც 30-მდე ჟურნალისტი ესწრება. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test