შემოგვიერთდი

27.12.2013 18:58

პოლიტიკური ძალები მაუწყებლის გაკონტროლებას ცდილობენ - GPB-ის მეურვეთა შესარჩევი კომისია

ნატა ძველიშვილი

საკონკურსო კომისია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კომისია განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება პარლამენტის გადაწყვეტილებას რომლის თანახმადაც, ნაცვლად 9 წევრისა, პარლამენტმა მხოლოდ სამი წევრი მარინა მუსხელიშვილი, ქეთევან მსხილაძე და ნათელა სახოკია დაამტკიცა.

Media.Ge კომისიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს - მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრები: ია ანთაძე, ნინო ბექიშვილი, ზვიად დევდარიანი, ნათია კაპანაძე, ნათია კუპრაშვილი, არნოლდ სტეფანიანი, ზვიად ქორიძე, ზაზა შათირიშვილი და თამაზ ჯოლოგუა მივიჩნევთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევის

 პროცესის ხელოვნური შეფერხებით მტკიცდება, რომ პოლიტიკური ძალები კვლავ ცდილობენ გააკონტროლონ საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი  საკონკურსო კომისიის უმრავლესობისათვის არ  არის ცნობილი, თუ ვის მიერ (სახალხო დამცველი, აჭარის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატები)  მოხდა ჩვენი საკონკურსო კომისიის წევრად დასახელება და მთელი ამ პროცესის განმავლობაში არ გვიცდია აღნიშნული ფაქტის გამორკვევა, რადგან მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებელი ვართ საზოგადოების წინაშე და არ ვატარებთ რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს.  

10 დღის განმავლობაში ჩვენ  მოვახერხეთ ზედმიწევნით შეგვესწავლა 68 კანდიდატის მიერ მოწოდებული მასალები, დაგვეგეგმა გასაუბრებისათვის ღია სხდომები, მაქსიმალურად მიგვეწოდებინა სრული და დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესის შესახებ საზოგადოებისათვის, რათა თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ყოფილიყო მონაწილე ამ დემოკრატიული და უპრეცედენტო შერჩევისა, ხოლო საქართველოს პარლამენტის წევრები მომზადებულიყვნენ ღირსეული არჩევანის გაკეთებისათვის.

შერჩევის პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე და ვერ დავეთანხმებით უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, თითქოს  შერჩევის კრიტერიუმები არ იყო მათთვის ნათელი, რადგან მათ თავად დაამტკიცეს კომისიის დებულება.

ჩვენთვის კიდევ უფრო გაუგებარია უმრავლესობის განმარტება, თითქოს შემდეგ ტურებში მოხდება ორი კანდიდატის დასახელება - „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლებით სავსებით ცალსახაა, რომ შემდეგი ტური ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი 9 წევრიდან რამოდენიმე წევრის შერჩევა ვერ მოხდება პლენარულ სხდომაზე და პარლამენტი ვალდებულია, კვლავაც არსებული სიიდან შეარჩიოს ხელახლა კანდიდატი.  კანონის განმარტება ზუსტი და ნათელია - თუ პარლამენტს 9 წევრი არ წარედგინება სხდომაზე, პროცესი ჩაშლილად უნდა მივიჩნიოთ და საჭირო იქნება ხელახალი კონკურსის გამოცხადება.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს,  - დაუყოვნებლივ გამართოს შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან და უზრუნველყოს პროცესის დასრულება.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტის წევრებს და შევახსენებთ, რომ მათ მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ცვლილებებს და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებას. სამეურვეო საბჭოს წევრების შესაბამისი ოდენობის შერჩევა მათთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებაა და ქართული დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანია თითოეულმა პარლამენტარმა იზრუნოს ხელოვნურად
 წარმოქმნილი ჩიხიდან გამოსვლაზე.

მიგვაჩნია, რომ ჩვენ წარმოგიდგინეთ პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი 27  პროფესიონალი ადამიანებისაგან შემდგარი სია და არსებული მდგომარეობიდან გამოსავლად გვესახება, მიუხედავად დადგენილი ვადების დარღვევისა, უახლოეს დღეებში წარმოდგენილი სიიდან შეირჩეს 9 კანდიდატი და დაწყებული დემოკრატიული პროცესი მაქსიმალურად მცირე დროში დასრულდეს. ამით კოალიცია  „ქართული ოცნება“ დაამტკიცებს, რომ არის მართლაც ერთიანი გუნდი, ხოლო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა, ხელი შეუწყონ  მედიის მდგრადობას ქვეყანაში.

თითოეული ჩვენგანი მზადაა ღია შეხვედრები გამართოს საქართველოს პარლამენტარებთან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში წარმოუდგინოს დამატებითი და დეტალური ინფორმაცია თითოეული კანდიდატის კონცეფციისა და ბიოგრაფიის თაობაზე".

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test