შემოგვიერთდი

06.01.2014 17:03

GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი ხელახლა გამოცხადდება

გელა ბოჩიკაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი ხელახლა გამოცხადდება, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარი კვოტით არ გეგმავს პარლამენტისთვის დასამტკიცებელი კანდიდატების შეთავაზებას.

"უმრავლესობა არ ასახელებს კანდიდატებს, რადგან მეორე ტური რეალურად ჩვენთვის არც იქნება. ჩვენ დავასახელეთ 27 კანდიდატიდან ერთი და მეტი ვერ შევარჩიეთ. ანუ მეორე ტურში უბრალოდ მივუბრუნდებით სახალხო დამცველის, უმცირესობისა და აჭარის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს. თვის ბოლოსთვის კი გამოცხადდება ხელახალი კონკურსი, პროცედურულად ასე გამოდის და ჩვენ კანდიდატების არჩევა მოგვიწევს ახალი კონკურსით შერჩეული კანდიდატებიდან", - განუცხადა Media.Ge-ს საპალამენტო უმრავლესობის წევრმა, ანი მიროტაძემ 2014 წლის 6 იანვარს.

საპარლამენტო უმცირესობა - „ნაციონალური მოძრაობა“ და აჭარის უმაღლესი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტისთვის ერთხელ უკვე შეთავაზებულ კანდიდატებს არ ცვლიან. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს კვლავ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას სთავაზობს, აჭარის უმაღლესი საბჭო კი - გენადი (გენო) გელაძის.

2013 წლის 27 დეკემბრის კენჭისყრაზე, როცა საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები უნდა დაემტკიცებინა ნინია კაკაბაძისა და გენადი (გენო) გელაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნას მხოლოდ 29 მომხრე ჰყავდა და მათი კანდიდატურები ჩავარდა. კანონმდებლობით, კანდიდატის დასამტკიცებლად პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე (75) მეტს უნდა დაეჭირა მხარი, ანუ მინიმუმ 76 დეპუტატს. 

სუბიექტების მიერ კანდიდატების ხელახლა დასახელების შემთხვევაში კი იცვლება კენჭისყრისთვის საჭირო ხმების რაოდენობა. კანონმდებლობით, კანდიდატის დასამტკიცებლად პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლბის მესამედზე მეტის (მინიმუმ 51 დეპუტატი) მხარდაჭერაც საკმარისია.

27 დეკემბერს კიდევ ერთი კანდიდატი არ დაუსახელებიათ საპარლამენტო უმრაველოსობის მიღმა დარჩენილ პარლამენტარებსაც. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი ამბობს, რომ საპარალმენტო უმცირესობა პარლამენტის იმ  წევრებთან გადიან კონსულტაციას, რომელიც არც უმრავლესობის წევრები არიან და არც უმცირესობის.

სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედია-კოორდინატორის, თეონა გოგოლაშვილის თქმით, სახალხო დამცველი დღის ბოლომდე გაავრცელებს სპეციალურ განცხადებას და საკუთარ კანდიდატს დაასახელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალი წესით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2013 წლის ივლისში შესული ცვილებებით კომპლექტდება. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის ნაცვლად სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რის შემდეგაც იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისია შესული განაცხადებიდან არჩევს და სთავაზობს - აჭარის უმაღლეს საბჭოს, სახალხო დამცველს, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმრავლესობას მიღმა დარჩენილ პარტიებს კანდიდატებს შესარჩევად. შერჩეულ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს.

დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი წესითი დაკომპლექტებული სამეურვეო საბჭოს წევრები არიან - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დასახელებული კანდიდატი - მარინა მუსხელიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა დარჩენილი („ნაციონალური მოძრაობა“) პარლამენტის წევრების მიერ დასახელებული კანდიდატი  - ქეთევან მსხილაძე და საპარლამენტო უმრავლესობის - „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, ნათელა სახოკია.

კანონმდებლობით, თუ სამეურვეო საბჭო სრულად ვერ დაკომპლექტდა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი ხელახლა ცხადდება. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test