შემოგვიერთდი

13.01.2014 15:05

ტელეკომპანია „გურია“-დან თანამშრომლები დაითხოვეს

ალექსანდრე ქეშელაშვილი

ტელეკომპანია გურია

ტელეკომპანია „გურია“ 2014 წლიდან შემცირებული თანამშრომლებით განაგრძობს მუშაობას. ტელევიზიაში კადრების ოპტიმიზაციის შედეგად 7 თანამშრომელი გაუშვეს სამსახურიდან. კომპანიის გენერალური დირექტორი ზურაბ გობრონიძე Media.Ge-თან საუბარში ამბობს, რომ კადრების შემცირება ფინანსურმა მიზეზებმა განაპირობა.

„ჩვენ თვითდაფინანსებაზე ვართ და ამიტომ გაგვირთულდა მუშაობა. ახალი წლის მერე ვცადეთ თანხების მობილიზება, თუმცა ჯერ-ჯერობით შემცირებული კადრებით ვიმუშავებთ“, - განაცხადა გობრონიძემ.

ტელევიზიას საკუთარი თავის რჩენაში ვერ დაეხმარა საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამაც (GMPP).  პროექტის ფარგლებში ამერიკული პარტნიორი ტელევიზიები ქართულ რეგიონულ მაუწყებლებს ტრენინგებს უტარებდნენ  სხვადასხვა დარგში, მათ შორის მარკეტინგში. პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული იყო ტელევიზია „გურია“, თუმცა გობრონიძის თქმით, ტელევიზიის მუშაობა რთულდება ტექნიკური პრობლემების გამოც, მაგალითდ, გაუმართავია ანძა, რომელიც ხშირად იწვება. ეს ყველაფერი კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

„აქ დიდ თანხებზეა საუბარი და ამ შემთხვევაში ვერ დაგვეხმარება ვერც ერთი პროექტი. თუმცა, ჩვენ გვინდა ტელევიზია იყოს მხოლოდ თვითდაფინანსებაზე და დახმარებისთვის არ მივმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობას, ან არასამთავრობო ორგანიზაციებს“, - ამბობს Media.Ge-თან  საუბარში ზურაბ გობრონიძე.

ტელეკომპანია ჯერ-ჯერობით ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მაუწყებლობას. აქ ამჯერად 11 ადამიანი მუშაობს, თუმცა, Media.Ge-თან  საუბარში ზურაბ გობრონიძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა შტატში დააბრუნონ ერთი ჟურნალისტი. „შევუთავსეთ სხვადასხვა საქმეები დარჩენილ ჟურნალისტებს. არის კიდევ რაღაცები მოსაგვარებელი, ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ გარკვეულა ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. თუკი ეკონომიურად ოდნავ მაინც გავიმართეთ, შეიძლება 1 ჟურნალისტი დავაბრუნოთ სამუშაოზე“, - განმარტავს გობრონიძე.

ტელეკომპანიის დატოვებას ადასტურებს „გურია“-ს უკვე ყოფილი თანამშრომელი თენგო კვაჭანტირაძე.

„ტელეკომპანიაში ფინანსური პრობლემების გამო 3-4 იანვრიდან აღარ ვმუშაობ. თუმცა, როგორც ვიცი, ეს დროებითია და ფინანსების მოძიების შემთხვევაში უკან დავბრუნდები“, - განუცხადა Media.Ge-ს კვაჭანტირაძემ.   

ტელეკომპანია „გურია“ 1991 წლიდან დაარსდა. ტელევიზია ფარავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 80 პროცენტსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 25 პროცენტს. ტელეკომპანია, რომელმაც სხვადასხვა საგრანტო კონკურსებშიც გაიმარჯვა, რეგიონში ერთადერთი მაუწყებელია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test