შემოგვიერთდი

24.01.2014 16:28

კახი ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი გახდა

ნატა ძველიშვილი

კახა ბექაური

საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაიცების ეროვნული კომისიის წევრად კახი ბექაური აირჩია. მის კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კახი ბექაური ტელეკომპანია „მეცხრე არხის“დირექტორი იყო. მანამდე ის რამდენიმე მაუწყებელს ხელმძღვანელობდა მათ შორის - „მაესტრო“ და „მზე“, იყო საზოგადოებრივი ტელევიზიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ამჟამად არის სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

კახი ბექაურის მიერ კონკურსში წარდგენილ დიპლომში, რომელიც პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული, მითითებულია, რომ მან უმაღლესი სასწავლებლის კიბერნეტიკის ფაკულტეტი დაამთავრა სპეციალობით  - გამოყენებითი მათემატიკა სპეც. ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვა. დიპლომის თანახმად, მას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მათემატიკოსის კვალიფიკაცია მიენიჭა. 

მის გარდა კომისიის წევრობა 23 კანდიდიდატს სურდა, თუმცა მათგან პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ასარჩევად სამი კანდიდატურა წარუდგინა, რომელთა შორის იყვნენ კახი ბექაური, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგო შავგულიძე და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამაზ ინაშვილი. სერგო შავგულიძის კანდიდატურას მხოლოდ 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თამაზ ინაშვილს კი ხმა მხოლოდ 20-მა დეპუტატმა მისცა.

კომისიის წევრი ერთერთი მაღალანაზღაურებადი საჯარო სამსახურია საქართველოში. მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება დაახლოებით 13 ათასი ლარია.

კომისიონერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა იმპიჩმენტის წესით კომისიის თავმჯდომარე კარლო კვიტაიშვილი გადააყენა. კონკურსი 19 ნოემბერს გამოცხადდა.

ამჟამად კომისიაში კიდევ ერთი წევრის ადგილია ვაკანტური - ირაკლი ჩიქოვანის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჯერ პარლამენტმა ვერ აირჩია ვერც ერთი კანდიდატი, შემდეგ კი წარდგენილმა სამივე პირმა კანდიდატურა თავად მოხსნა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test