შემოგვიერთდი

01.05.2014 13:00

GNCC-ის თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით აირჩევენ

ნატა ძველიშვილი
gncc (photo: Picasa)

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით აირჩევენ - არჩევის პროცედურები კომისიამ 30 აპრილს დაამტკიცა. თავმჯდომარეს თავად კომისიონერები აირჩევენ. არჩევის წესის განსაზღვრა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ გახდა საჭირო. მანამდე თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა.

30 აპრილს მიღებული ცვლილებებით, კომისიონერები თავმჯდომარეს საარჩევნო კაბინაში, ან ცალკე ოთახში ბიულეტინის შემოხაზვის გზით ფარულად აირჩევენ.

კომისიის თავმჯდომარედ კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველა კომისიონერს. ერთი და იგივე პირი კომისიის თავმჯდომარედ მხოლოდ ერთხელ შეიძლება აირჩეს. მისი უფლებამოსილების ვადა 3 წელია.

კომისიაში განიხილებოდა თავჯდომარის ღია სახელობითი კენჭისყრით არჩევაც. ამგვარი არჩევნების მომხრე ორი კომისიონერი კახი ბექაური და სოფო ბრიტანჩუკი იყვნენ. კახი ბექაურის აზრით, კომისია უფრო დამოუკიდებელი და კოლეგიალური რომ გახდეს, არჩევნები ღია კენჭისყრით უნდა გაიმართოს.

განსხვავებული აზრი ჰქონდა თავმჯდომარის მოვალეობის ამჟამინდელ შემსრულებელს, აკაკი სიხარულიძეს, მისი თქმით, მთელ მსოფლიოში ბევრი ტიპის არჩევნები ფარულად ტარდება იმიტომ, რომ ამომრჩეველი თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს.

„ადამიანთა ფსიქოტიპები არის მრავალნაირი - ერთი არის ხათრიანი, მეორე შეიძლება იყოს შიშთან ახლოს, მესამე შეიძლება იყოს, პირიქით ჯინიანი. ასე რომ, თუ გვინდა უფრო მეტი ლეგიტიმაცია მივცეთ, თუ ზეწოლისგან თავისუფალი დამოუკიდებელი არჩევნები გვინდა, უნდა იყოს ფარული“, - განაცხადა აკაკი სიხარულიძემ.

იმის გამო, რომ 15 აპრილს ამ საკითხის ზეპირ მოსმენას კახი ბექაური და ვახტანგ აბაშიძე არ ესწრებოდნენ, მათ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ შეეძლოთ. შესაბამისად, კომისიის ორი წევრის, ირაკლი მოსეშვილის და აკაკის სიხარულიძის თანხმობის შემდეგ თავმჯდომარის ფარულად არჩევის წესი დამტკიცდა.

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა სრულად საჯარო იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის თავმჯდომარეობის ვერც ერთმა კანდიდატმა არჩევნებზე ვერ მიიღო ხმების ის ოდენობა (მინიმუმ 3 ხმა), რაც გამარჯვებისთვის არის საჭირო, გაიმართება არჩევნების მეორე ტური, სარეიტინგო კენჭისყრის ფორმით. რეიტინგული კენჭისყრაც ფარული იქნება, თუმცა საარჩევნო პროცესის საჯაროობა ამ შემთხვევაშიც უზრუნველყოფილი იქნება. არჩევნების მეორე ტურში თავმჯდომარის ვერარჩევის შემთხვევაში, არჩევნები გამოცხადდება ჩაშლილად და კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

30 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან სამ დღეში კომისიამ თავმჯდომარის არჩევნების თარიღი უნდა ჩანიშნოს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test