შემოგვიერთდი

19.05.2014 18:52

GNCC-ის თავმჯდომარედ ვახტანგ აბაშიძე აირჩიეს

ნატა ძველიშვილი

ვახტანგ აბაშიძე

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ ვახტანგ აბაშიძე სამი წლის ვადით აირჩიეს. მას კომისიის ხუთივე წევრმა დაუჭირა მხარი. არჩევნებში მხოლოდ ეს ერთი კანდიდატი მონაწილეობდა, სხვა კომისიონერებს თავმჯდომარის პოსტის დაკავების სურვილი არ გამოუთქვამთ.

აბაშიძის თქმით, მისი პრიორიტეტები იქნება ახალი ტექნოლოგიები, კომპანიების განვითარების ხელშეწყობა, მეოთხე თაობის მომსახურება, ციფრული მაუწყებლობა და სხვა საკითხები. ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის კომუნიკაციების კომისიაში სტრუქტურულ რეორგანიზაციას გეგმავს და არც კადრების ცვლილებას გამორიცხავს. 

"სტრუქტურული რეორგანიზაცია გულისხმობს სამსახურების ახალი უფლებამოსილებებით აღჭურვას, ახალი მიზნების დასახვას. შესაძლებელია ვივარაუდოთ საკადრო ცვლილებებიც, ოღონდ ეს ყველაფერი მოხდება კონკურსის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც განისაზღვრება ახალი სტრუქტურა, ახალი საშტატო სისტემა და გამოცხადდება ვაკანსიები ამა თუ იმ თანამდებობის დასაკავებლად", - აღნიშნა აბაშიძემ. 

კომისიის წევრმა აკაკი სიხარულიძემ განაცხადა, რომ ვახტანგ აბაშიძე "თავისი საქმის პროფესიონალია" და "კომისიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის". 

ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრად პარლამენტმა მიმდინარე წლის 5 მარტს აირჩია. ის კომისიის წევრი და თავმჯდომარე ერთხელ უკვე იყო. ამ პოსტს ის 2000-2004 წლებში იკავებდა. აბაშიძე პროფესიით ჟურნალისტია. 2012 წლიდან მუშაობდა სს „სილქნეტის“ სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ და ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ვახტანგ აბაშიძის ძმა არის ზურაბ აბაშიძე, რუსეთთან ურთიერთობების საკითხში საქართველოს მთავრობის სპეციალურ წარმომადგენლი. 

ეს პირველი შეთხვევაა, როდესაც თავმჯდომარე თავად კომისიის წვრებმა აირჩიეს. აქამდე უწყების ხელმძღვანელს პრეზიდენტი ნიშნავდა. თავმჯდომარის არჩევის ახალი წესიდ მიღება „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ 2013 წლის ოქტომბერში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია.

კომისიამ თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩია. ხმის დამთვლელ კომისიაში შედიოდნენ  იოსებ ხარებავა, კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, კახი ყურაშვილი, სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი და თიკო ტყეშელაშვილი, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test