შემოგვიერთდი

07.09.2014 03:28

სამართალდამცველებმა დააკავეს ახალგაზრდა, რომელიც პოლიციურ რეიდს მობილური ტელეფონით იღებდა

Media Ge

მობილური ტელეფონით პოლიციური რეიდის გადაღების დროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ახალგაზრდა დააკავა 7 სექტემბერს დაახლოებით, ღამის პირველ საათზე, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე.  

დაკავებულის თანმხლებმა, ჟურნალისტმა ნატა ძველიშვილმა Media.Ge-ს შეატყობინა, რომ მის მეგობარს ხელბორკილი დაადეს და რუსთაველის გამზირის პარალელურ, ბროსეს ქუჩაზე მდებარე პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, იქიდან კი წინასწარი დაკავების იზოლატორში. 

„დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის მეგობრებთან ერთად გამოვდიოდი სუპერმარკეტ  „სმარტიდან“ რუსთაველზე. დავინახე, რომ პატრული ჩხრეკდა ახალგაზრდებს, გადავწყვიტეთ გადაღება, მეც და ჩემმა ერთმა ნაცნობმაც. ამ დროს მოვიდა პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი და პირადობა და კადრების წაშლა მომთხოვა. მე არ ვშლიდი, ვუთხარი, რომ მქონდა გადაღების უფლება, ვიყავი ჟურნალისტი, ესეც რომ არა, ყველა მოქალაქეს აქვს საჯარო ადგილებში აგდაღების უფლება-მეთქი“, ყვება ინციდენტის დეტალებს ნატა ძველიშვილი,“თუ არ წაშლი, დაგაკავებთო, დამემუქრნენ.  რადგან მნიშვნელოვანი კადრი არ მქონდა, გადავწყვიტე წამეშალა. მეც და ჩემმა ნაცნობმაც წავშალეთ.“

ჟურნალისტის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მოთხოვნის მიუხედავად, საკუთარი ვინაობა არ დაასახელეს და არც საბუთები წარმოუდგენიათ,  ჩამორთმეულ ტელეფონში სხვა ფოტოების დათვალიერება დაიწყეს,  რაზედაც ახალგაზრდამ მიუთითა, რომ ეს იყო პერსონალური ინფორმაცია, რომლის ნახვაც პოლიციელებს  კონკრეტულ ვითარებაში  არ ჰქონდათ.
მოულოდნელად, ყვება ნატა ძველიშვილი,  ერთ-ერთმა პოლიციელებმა, სავარაუდოდ  ხელმძღვანელმა, მისი თანმხლების დაკავების ბრძანება გასცა. პოლიციელებმა ინცინდენტის დროს უპასუხოდ დატოვეს ჟურნალისტის  კითხვა, თუ სს კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე  აკავებდნენ მის თანმხლებს, თუმცა, მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ დაკავებულს ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათ დასძინეს, რომ დილით სასამართლო პროცესი გაიმართებოდა.

ნატა ძველიშვილმა Media.Ge-ს უთხრა, რომ მომხდარის შესახებ მან შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შეატყობინა. ინსპექციიდან უპასუხეს, რომ ინცინდენტის საკითხს შეისწავლიდნენ.

„მე, ალბათ მხოლოდ იმიტომ არ დამაკავეს, რომ ჟურნალისტი ვარ“, ამბობს ძველიშვილი.

პოლიციური რეიდები თბილისში დაიწყო 5 სექტემბერს, გახშირებული მკვლელობების გამო მთავრობის კრიტიკის შემდეგ.

 

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test