შემოგვიერთდი

27.01.2017 17:30

ინტერნიუსმა დაიწყო რეგიონული პროექტის განხორციელება

Media Ge

არასამთავრობო ორგანიზაციამ  „ინტერნიუსი-საქართველო“, ამერიკულ ინტერნიუსთან ერთად, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება "დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში".
პროექტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს.

"ინტერნიუსი-საქართველოს“ ოფისში 27 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე, პროექტის დირექტორმა მაია მიქაშავიძემ განაცხადა, რომ რეგიონულ პროექტის   ფარგლებში საქართველოს ცხრა რეგიონული მედიაორგანიზაცია მიიღებს მიკროგრანტს - აღჭურვილობას, მულტიმედია კონტენტს და გამოცდილებას, რათა შინაარსობრივად და ტექნოლოგიურად დახვეწონ, განავითარონ ონლაინ-გამოცემები. პროექტი ასევე მხარს დაუჭერს ქართველ, მოლდოველ და უკრაინელ ჟურნალისტებს ერთობლივად აწარმოონ პროდუქცია, დააკავშირებს რეპორტიორებს და საინფორმაციო ტექნოლოგებს სასარგებლო ონლაინ ინსტრუმენტების შესაქმნელად, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების და ხანდაზმულთა მედიაწიგნიერებას და საინფორმაციო ჩართულობას.

პროექტის მიზანია გაზარდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერებას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. „პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოში მედიის გასაძლიერებლად და  ონლაინ სივრცეში ხელმისაწვდომი ჟურნალისტური კონტენტის გასაუმჯობესებლად.” - განაცხადა,  თავის მხრივ,  ინტერნიუს-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა გენადი უჩუმბეგაშვილმა.

პროექტი კონკურსის გზით შეარჩევს ადგილობრივ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც პროექტის პარტნიორები გახდებიან, მიიღებენ და საკუთარ ვებგვერდებზე განათავსებენ თემატურ მულტიმედია პაკეტებს „ჯორჯია პლიუსი.“ მულტიმედია პაკეტებს პროექტის პარტნიორი სტუდიები და ჟურნალისტური ჯგუფები დაამზადებენ, რომელთა შერჩევა ასევე კონკურსის საფუძველზე მოხდება. მულტიმედიური პაკეტები, რომლებშიც ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალები, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული რუკები, თამაშები და გამოკითხვები იქნება ჩართული, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს გააშუქებს.  

სამი ქვეყნისთვის აქტუალურ თემებზე მულტიმედიურ კონტენტს ასევე შექმნიან ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ჟურნალისტები ერთობლივი პროექტების ფარგლებში, რომელთა მხადამჭერებია ინტერნიუსი-საქართველო (საქართველო), დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრი  (მოლდოვა) და ინტრენიუს უკრაინა (უკრაინა).

პროექტი შეიცავს ორ კომპონენტს, რომლებიც ახალგაზრდებზე და ხანდაზმულებზეა ორიენტირებული. ახალგაზრდებისთვის იგეგმება სადისკუსიო კლუბის - “ევროპული კაფე” ინიცირება, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავს შეხვედრებს. “ევროპულ კაფეში” ახალგაზრდები შეხვდებიან ჟურნალისტებს, მეცნიერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ. რეგიონის ხანდაზმული მაცხოვრებლები ინტერნეტში სამუშაოდ საბაზისო უნარ-ჩვევებს ისწავლიან, რათა უკეთ ჩაერთონ სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პროექტის ტექნოლოგიური კომპონენტის ფარგლებში შეიქმნება „ინოვაციების ფონდი“, რომელიც შესთავაზებს დახმარებას პარტნიორ მედია საშუალებებს, სხვადასხვა რესურსებისა და ნიუსრუმების ტექნოლოგიური გაუმჯობესებისათვის. “მედია აპლიკაციების ჰაკატონი” ადგილობრივ მედიას, IT სპეციალისტებსა და აქტივისტებს დააკავშირებს, რათა შეიქმნას ადგილობრივი მედიისთვის სასარგებლო აპლიკაციები და ონლაინ ინსტრუმენტები. სამი ქვეყნის ჟურნალისტები და IT სპეციალისტები კიევშიც შეიკრიბებიან, რათა მონაწილეობა მიიღონ “მედია ინოვაციების ლაბორატორიაში” და შექმნან ონლაინ პლატფორმები, რომლებიც აუდიტორიის მეტი ჩართულობის საშუალებას იძლევა.

დღესვე, ინტერნიუსმა გამოაცხადა ორი კონკურსი:

ინტერნიუსი-საქართველო აცხადებს მედიაპარტნიორების შესარჩევ კონკურსს

ინტერნიუსი აცხადებს კონკურსს მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტის მწარმოებლის შესარჩევად


 

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test