შემოგვიერთდი

15.06.2017 19:30

MDF-მა გამოაქვეყნა „კრემლის გავლენის ინდექსი-2017“

Media Ge

მედიის განვითარების ფონდმა (mdf) გამოაქვეყნა კვლევა  „კრემლის გავლენის ინდექსი-2017“. ორგანიზაციის განმარტებით, ეს  არის თვისობრივი მექანიზმი, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანალიტიკურმა ჯგუფებმა შეიმუშავეს, რათა გაიზომოს რუსეთის ფედერაციის მთავრობის შესაძლებლობები, რაც საკუთარი მიზნების მისაღწევად, სხვა ქვეყნების საინფორმაციო სივრცეებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. წინამდებარე ანგარიში უკრაინის, საქართველოს, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ინდექსის საპილოტე მონაცემებს მოიცავს, ნათქვამია   

ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ექსპერტები, საჯარო მოხელეები, მედია ექსპერტები, ჟურნალისტები, სტრატეგიული კომუნიკაციის უწყებები და სხვა მოთამაშეები, რომლებიც ჩართული არიან დეზინფორმაციასთან და პროპაგანდის გავლენასთან ბრძოლაში რეგიონში, მონაწილეობდნენ პროცესში.

ანგარიში გამოიცა Black Sea Trust-ის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, რომელიც დეტექტორ მედიამ (უკრაინა) შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით განახორციელა: ევროპული ღირებულებები (ჩეხეთის რესპუბლიკა), მედიის განვითარების ფონდი (საქართველო) და პოლიტიკური კაპიტალი (უნგრეთი). ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს Black Sea Trust-ის (გერმანიის მარშალის ფონდი) ან სხვა პარტნიორების მოსაზრებებს.

იმ ბლოკში, სადაც რუსული მედიის გავლენაზეა საუბარი და შეეხება საქართველოს,  ადგილობრივი ექსპერტები აჯამებენ შემდეგს:

„რუსული მედიის საზოგადოებრივ აზრზე გავლენას, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, „ნაცნობი და შეჩვეული რეალიები“ განაპირობებს. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ რუსული მედია შეიძლება სანდო არ იყოს, მაგრამ მის მიერ შემოთავაზებული ნარატივი, საზოგადოებისთვის ნაცნობი და პოპულარულია. ექსპერტთა აზრით, ამ მხრივ გაცილე -ბით პრობლემატურია ქართულენოვანი მედია, განსაკუთრებით კი ტაბლოიდური გამოცემები. რომ არა ბაზარზე დეკლარირებულად პროდასავლური სატელევიზიო არხის, ყველაზე რეიტინგული რუსთავი 2-ის არსებობა, რომლის წინააღმდეგ საკუთრებასთან დაკავშირებით სასამართლო დავას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ, ვითარება გაცილებით მძიმე იქნებოდა.

სატელევიზიო რეიტინგებით მეორე ადგილზე მყოფი ტელეკომპანია „იმედი“, ექსპერტთა ნაწილის აზრით, ზოგჯერ მოვლენებს კრემლისტური ნარატივის სასარგებლოდ აშუქებს, მაგრამ, როგორც წესი, მედია საშუალება ჟურნალისტურ სტანდარტებს იცავს.

როგორც „იმედის“, ასევე ტელეკომპანია „მაესტროს“ შემთხვევაში საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებში პრორუსული ორიენტაციების რესპონდენტების მოწვევისას, „წამყვანები სათანადო ოპონირებას ვერ უწევენ რესპონდენტებს, რაც დეზინფორმაციის და არასწორი სტერეოტიპების ტირაჟირებას უწყობს ხელს“. რესპონდენტთა ნაწილის აზრით, ამის მიზეზი ჟურნალისტთა არაპროფესიონალიზმი, ნაწილის აზრით, კი გააზრებული სარედაქციო პოლიტიკაა. ტელეკომპანია „მაესტროს“ შემთხვევაში ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მედია საშუალება „პრორუსულ სარედაქციო პოლიტიკას, ტაბლოიდური მედიისგან განსხვავებით, სხვადასხვა თანამედროვე სატელევიზიო ფორმატებში კარგად ფუთავს და ეს როგორც რუსული სერიალების პოპულარიზაციაში, ასევე ინტერაქტივის შეკითხვებში, თემატიკისა და რესპონდენტების შერჩევაში ვლინდება“.

ბეჭდური მედიიდან ყველაზე პრობლემატურად ექსპერტებმა გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მიიჩნიეს, რომლის გაცხადებული ეთნონაციონალისტური სარედაქციო პოლიტიკა რეალურად კრემლისტური ნარატივის დამკვიდრებას უწყობს ხელს, გაზეთი აქვეყნებს დეზინფორმაციებს დასავლეთის შესახებ და სიძულვილის ენის ტირაჟირებას ახდენს. ონლაინ მედიიდან პრობლემატურად სააგენტო PIA-ს გაშუქების ცალკეული შემთხვევები ჩაითვალა, სადაც ასევე ვხვდებით დასავლეთის შესახებ დაუზუსტებელ მასალებს. რადიოს გაშუქება პანელის მონაწილეებმა შედარებით ნეიტრალურად მიიჩნიეს. ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, საზოგადოების უმრავლესობას ესმის, რომ დეზინფორმაციული მედია საშუალებები შესაძლოა, მანიპულირებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, იყენებენ მათ და სჯერათ მათი.“

სრული ანგარიში ჩამოტვირთეთ მისამართიდან:  http://mdfgeorgia.ge/geo/view-library/67,
ასევე Media.Ge-ს გვერდიდან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test