შემოგვიერთდი

21.07.2017 17:51

მედიასაშუალებებზე „ხელისუფლების სავარაუდო ზეგავლენა“ შემაშფოთებელია- NDI

media.ge

„ხელისუფლების სავარაუდო ზეგავლენა მედია საშუალების მენეჯმენტზე და სარედაქციო პოლიტიკაზე შეშფოთების საგანს წარმოადგენს“,  ნათქვამია  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის  შუალედურ ანგარიშში, რომლის პრეზენტაცია  გაიმართა 21 ივლისს, თბილისში, სასტუმრო „რედისონში.“

დელეგაცია საქართველოში მიდმინარე წელის ოქტომბერში დანიშნული ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგს ატარებს.

შუალედურ ანგარიშში  ხაზგასმულია, რომ მოქალაქეთა მიერ  ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, ასევე, შეიძლება ხელი შეუშალოს მედიის პოლიტიზირებამ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მედია გარემო საქართველოში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია, ამჟამინდელი კონსტიტუციით გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ქვეყანაში არსებობს მრავალი ეროვნული და რეგიონული მედია საშუალება.

„[NDI-ს] დელეგაციასთან მრავალჯერ იქნა აღნიშნული საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილება, რომელიც მიკერძოებულად აღიქმება. მაესტრო და სხვა პატარა ტელევიზიები ტელეკომპანია იმედის ფარგლებში გაერთიანდა, რომელიც ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელ ტელევიზიად აღიქმება, აცხადებს NDI

სადამკვირვებლო დელეგაცია  აქვე შენიშნავს, რომ  „16 ყველაზე პოპულარულ ტელევიზიას საქართველოში რუსთავი 2-ს,  რომელიც ოპოზიციურ, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებელ არხად აღიქმება, მძიმე ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რაც გამოწვეულია სადავო სასამართლო გადაწყვეტილებით თანხების მოძიების შეჩერების და მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინტერვენციის საფუძველზე, ამ ეტაპზე, მოხერხდა ამჟამინდელი მენეჯმენტის დროებითი შენარჩუნება.

„პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიისთვის არსებული სივრცე ვიწროვდება, რაც გარკვეულწილად მედია საშუალებების მენეჯმენტში ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გამო ხდება. საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მაესტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროგრამები და დებატები ბადიდან ამოიღეს; ეს გადაცემები პატარა, არასაპარლამენტო პარტიებს მათთვის საჭირო სატელევიზიო დროს აძლევდა, რაც განსაკუთრებით საჭიროა ამ პერიოდში. რაც შეეხება არსებულ პოლიტიკურ გადაცემებს, მაუწყებლები აღნიშნავენ, რომ სირთულეები ექმნებათ პირდაპირ ეთერში გამართულ დისკუსიებში მმართველი პარტიის მონაწილეობასთან დაკავშირებით“, წერია ანგარიშში, სადაც მედიაგარემოს გარდა გარდა,  შეფასებულია საკონსტიტუციო და  ადგილობრივი რეფორმები,  საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები. მოცემულია რეკომენდაციები.

სადამკვირვებლო დელეგაციას  აქვე მოყავს შედარებით პატარა პარტიების და დამოუკიდებელი  კანდიდატების განცხადებები, რომ  „არსებული შევიწროებული სივრცე, ასევე მაუწყებლების მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა მათთვის სირთულეს ქმნის, მიიღონ თანასწორი დაფარვა. ზოგიერთი აცხადებს, რომ საერთოდ ვერ იღებს სატელევიზიო ეთერს.“

NDI -ს შეფასებით, მიუხედავად ზემოთქმული გამოწვევებისა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მედია საშუალებების უმეტესობა პირობას დებს, ეთერში გაუშვან გადაცემები და დებატები, რაც საშუალებას მისცემს კვალიფიციურ (და ზოგიერთ შემთხვევაში არაკვალიფიციურ) საარჩევნო სუბიექტებს საკუთარი პროგრამა წარმოადგინონ და ძირითად საკითხებზე დებატები გამართონ. ამავე დროს,   ეროვნული მაუწყებლები აღიარებენ, რომ ადგილობრივი კამპანიების ყოვლისმომცველი გაშუქება გამოწვევას წარმოადგენს.

„ქვეყნის მასშტაბით ორი ათასზე მეტი საარჩევნო მარათონი ართულებს თანმიმდევრული, სიღრმისეული ანალიზის გაკეთებას ადგილობრივ დონეზე და საკითხებზე“, მოჰყავს  ეროვნული მაუწყებლების პოზიცია NDI-ს. ამ ფონზე   ამერიკულ ორგანიზციას მიაჩნია, რომ ადგილობრივი და რეგიონული მედია საშუალებების როლი „კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ არსებულ არჩევანზე სანდო ინფორმაცია მიიღოს. 
საარჩევნო სუბიექტებისთვის მედია გარემოს გაუმჯობესების და ამომრჩევლის მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდლომის გაზრდის მიზნით, აქვე მოცემულია რეკომენდაციები:
- კანდიდატების შესახებ ინფორმაციაზე ამომრჩევლის წვდომის გასაზრდელად, მაუწყებლებმა არაკვალიფიციურ სუბიექტებს უფასოდ დაუთმონ მინიმალური სარეკლამო დრო, რათა მათ საკუთარი მესიჯების გავრცელება შეძლონ;
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს საარჩევნო პროგრამებსა და გადაცემებში არჩევნებში მონაწილე სუბიექტების თანაბარი წვდომა და მათი პლატფორმების დაბალანსებული გაშუქება.





პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test