შემოგვიერთდი

21.07.2017 22:13

ნიკა გვარამია ფინანსთა მინისტრს კანონდარღვევაში ადანაშაულებს, შემოსავლების სამსახური ბრალდებას სიცრუეს უწოდებს

Media Ge

ნეტგაზეთის მიხედვით

ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაარღვია კანონი და გათქვა რუსთავი 2-ის კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაცია – ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ვაპირებთ მივმართოთ საერთაშრისო სასამართლო ინსტიტუტებს, რომ სრულად იყოს ანაზღაურებული საქართველოს სახელმწიფოს მიერ რუსთავი 2-ისთვის მიყენებული ზარალი.

 “ძალიან უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ, მან გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვა პირველ რიგში მას ევალება, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია… ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი არა მხოლოდ შიდა სამეწარმეო წრეებისთვის, არამედ ბიზნესისთვის. ეს არის კონკურენტების სასარგებლოდ თამაში, რაც დღეს მინისტრმა გააკეთა. შემთხვევითი არაა, რომ “იმედის” ეთერში გააკეთა,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ გამართულ ბრიფინგზე.

დღეს, 21 ივლისს, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ “რუსთავი 2” არ იხდის გადასახადებს და ეს არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნის.

 “ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. როდესაც ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ის არაკონკურენტულ გარემოშია და, შესაბამისად, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მას მეტი ფული რჩება. შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა უკეთესი თანამშრომლები იქირაოს, უკეთესი ტექნიკა შეიძინოს, უკეთესი გადაცემები გააკეთოს, რაც, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს არ ეხება კონკრეტულად “რუსთავი 2”-ს, ამ შემთხვევაში, ეს ეხება ზოგადად, მთლიანად. მე ვარ დარწმუნებული, რომ “რუსთავი 2-თან” იქნება მიღწეული გონივრული გრაფიკი გადასახადის გადახდის,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ნიკა გვარამიამ დღევანდელ  ბრიფინგზე აღნიშნა, “რუსთავი 2”-ს გადასახადების გადახდის პრობლემა ყადაღის გამო შეექმნა -“ვადასტურებ, რომ გვაქვს დავალიანებები, მაგრამ ასევე ვადასტურებ, რომ ეს დავალიანებები წარმოიშვა უმძიმესი წნეხის გამო.”

მანვე განაცხადა, რომ თუკი ამ დავალიანების გამო რუსთავი 2-ის საოპერაციო ანგარშებს დაედება ყადაღა, ეს ტელეკომპანიის დახურვას ნიშნავს, რაც აქამდე ვერ შეძლო სახელმწიფომ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  დღესვე გამოეხმაურა გვარამიას ბრალდებას, რომელსაც  უწოდა სიცრუე.

“საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1¹ ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, საქართველოს პირველი ვიცეპრემიერის, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ კომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანება, არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოს. ამდენად, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეფასება არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა,” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test