შემოგვიერთდი

10.08.2017 02:16

საზოგადოებრივ მაუწყებელს ადამიანის უფლებათა ცენტრის სოციალური რგოლის საეთერო ბადეში განთავსება დაევალა

Media Ge

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 27 ივლისს  დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, სოციალური რეკლამის სტატუსით ვიდეორგოლის საეთერო ბადეში განთავსებასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2017 წლის 30 მაისს  წერილით მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რითაც ითხოვა მიწოდებული აუდიო-ვიზუალური  მასალისათვის სოციალური რეკლამის სტატუსის მინიჭება და მაუწყებლის ეთერში განთავსება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წარდგენილი აუდიო-ვიზუალური  მასალა მიზნად ისახავდა ინფორმაციის მიწოდებას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის უფასო იურიდიული სერვისის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. ვიდეორგოლი თავისი შინაარსით მიმართული იყო საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ.

მიუხედავად ამისა, 2017 წლის 12  ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც  ტელეკომპანიამ უარი განაცხადა წარდგენილი ვიდეომასალის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე. ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ ვიდეორგოლს არ მიიჩნევდა სოციალურ რეკლამად. ამის გამო, საკითხის შესწავლისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლი, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ მიიჩნია სოციალურ რეკლამად, სხვა ტელევიზიებმა (10-მა ტელევიზიამ) თავიანთ საეთერო ბადეში უპრობლემოდ განათავსეს.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test