შემოგვიერთდი

22.11.2017 13:09

ქარტიის განცხადება თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქებაზე

Media Ge

qartia.ge
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქებას და შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ სამართალდამცავები ვერ უზრუნველყოფენ პერიმეტრის იმგვარად დაცვას, რომ არ გასაჯაროვებულიყო მნიშვნელოვანი დეტალები სპეცრაზმელებისა და ტექნიკის განლაგებასთან დაკავშირებით, რაც საფრთხის შემცველია როგორც სპეცოპერაციაში მონაწილე პირების, ისე ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი ჟურნალისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სამართალდამცავების მოქმედების მიუხედავად, მედიას აქვს ვალდებულება დეტალურად არ გააშუქოს ანტიტერორისტული ან თავდაცვითი ქმედებები, რამაც შესაძლოა რადიკალური დაჯგუფებების ქმედებების შეცვლა და ოპერაციის ჩავარდნა გამოიწვიოს.

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს დაუდასტურებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქალაქეთა „ტერორისტებად“ მოხსენიებას და გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფთან მათ დაკავშირებას, რადგან ამგვარი ინფორმაცია მხოლოდ ნეგატიურ სტერეოტიპებს აღვივებს და ხელს უწყობს სტიგმატიზაციას. ამიტომაც მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი აარიდონ ამგვარი სავარაუდო კავშირის ჩვენებას, არამხოლოდ საკუთარ ტექსტებში, არამედ მოქალაქეთა კომენტარების შერჩევისას.

ამასთან,მედია ყურადღებით უნდა მოეკიდოს მოქალაქეთა მიერ გადაღებული მასალის ეთერში გაშვებას.

სპეცოპერაციის გაშუქებისას მედიამ, ერთის მხრივ, არ უნდა მიენიჭოს გადაჭარბებული მნიშვნელობა მომხდარ ამბავს და არ გამოიწვიოს პანიკა საზოგადოებაში და, მეორეს მხრივ, მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა მიიღონ სრული ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. გაშუქებისას გამოყენებული უნდა იყოს ნეიტრალური ტონი. მედია ყურადღებით უნდა მოეკიდოს ვიდეო და ფოტო კადრების გამოყენებას, მათ შორის, როცა ამას ავრცელებენ თვითმხილველი მოქალაქეები

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test