შემოგვიერთდი

24.11.2017 21:53

არასამთავრობო ორგანიზაცები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებას ეხმიანებიან

Media Ge

საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით განიხილა  კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო მაუწყებლებისა და პარლამენტის წევრების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. სხვადასხვა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს მაუწყებლის საქმიანობის გაუმჭვირვალეობისა და კორუფციის რისკებს, ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სარეკლამო ბაზარზე.  

მიმდინარე დისკუსიის ფონზე, 2017 წლის 17 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც მიმდინარე დისკუსიაში წარმოდგენილი არგუმენტების საწინააღმდეგოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მხარდაჭერა გამოუცხადა საკანონმდებლო ინიციატივას. განცხადების თანახმად, კომისიისათვის მისაღებია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარანტირებული, მზარდი დაფინანსების პირობებში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დამატებით მიიღოს გაზრდილი შემოსავლები, რეკლამისა და სპონსორობისათვის გამოყოფილი დროის მატების ხარჯზე.

აღნიშნული პოზიცია, ერთი მხრივ დაუსაბუთებლად ეწინააღმდეგება თავად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით, ორი წლის წინ „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეზღუდა ეთერში განსათავსებელი სარეკლამო დროის მოცულობა; მეორე მხრივ, განცხადება მხედველობიდან ტოვებს იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტს შეადგენს, მომავალ წელს კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად ის დამატებით 6 მილიონით გაიზრდება. აღნიშნულ პირობებში, მაუწყებლისათვის სარეკლამო დროის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილების დადებითად შეფასება, სრულად უგულებელყოფს კერძო მაუწყებლების ინტერესებს, ავლენს არათანაბარ მიდგომებს მედია სუბიექტების მიმართ, რითაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მარეგულირებელი კომისიის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ფუნქციას,   შექმნას კონკურენტული გარემო და ხელი შეუწყოს მაუწყებელთა განვითარებას.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

საკუთარი საკანონმდებლო ფუნქციებისა და მისი პირდაპირი დანიშნულების შესაბამისად, მარეგულირებელმა კომისიამ კერძო მაუწყებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებების გათვალისწინებით, წარმოადგინოს დასაბუთებული არგუმენტები საკუთარი პოზიციის მხარდასაჭერად;

მარეგულირებელმა კომისიამ გაასაჯაროვოს აღნიშნული განცხადების მიღების პროცედურა. ასევე ინფორმაცია, მარეგულირებელი კომისიის იმ წევრების შესახებ, ვინც მხარი დაუჭირა განცხადებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო:”
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test