შემოგვიერთდი

30.11.2017 19:22

MDF-რუსული მედია მუსლიმთა თემატიკას და მეტწილად ანტიდასავლურ, პროპაგანდისტულ კონტექსტში აშუქებს

media.ge

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აქვეყნებს კვლევას, თუ როგორ აშუქებს ქართული, რუსული, აზერბაიჯანული და თურქული ტრადიციულ და ახალ მედია მუსლიმთა თემატიკას.

მედია მონიტორინგის მიზანი ახალგაზრდა მუსლიმებში რადიკალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა და ამ პროცესში მედიის როლის კვლევა იყო.

დაკვირვების საგანი ის ქართული, რუსული, აზერბაიჯანული და თურქული მედია საშუალებები გახდა, რომლებიც MDF-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში მუსლიმმა ახალგაზრდებმა მათი ინფორმაციის წყაროებად დაასახელეს.

ანგარიშში მონიტორინგის მეთოდოლოგიის გარდა, ცალკე თავადაა შესული, თუ რა თემატიკას ანიჭებდნენ უპირატესობას სხვადასხვაენოვანი მედიები, ასევე ქართულ და რუსულ ტელევიზიებში ტერორიზმის გაშუქების მახასიათებლები.

ამავე დროს, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, მონიტორინგის სუბიექტების შერჩევა 2017 წლის აპრილიდან – მაისამდე ახმეტის რაიონის (პანკისი), მთიანი აჭარისა და ქვემო ქართლის 16-29 წლის ახალგაზრდებს შორის მედიის განვითარების ფონდის დაკვეთით GIDC-ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მოხდა. კვლევის შედეგად, რომელშიც 1 206 რესპონდენტი მონაწილეობდა, გამოიკვეთა, რომ საქართველოს მო-ქალაქე მუსლიმები ინფორმაციის წყაროდ ქართულ, რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულენოვან მედიებს იყენებენ. შესაბამისად, მონიტორინგის სუბიექტებად ოთხენოვანი მედია შეირჩა.

კვლევამ შემდეგი ტენდეციები გამოკვეთა:

1. ქართულ და რუსულ ტელევიზიებში მუსლიმებისა და მათთან დაკავშირებული თემების გაშუქების შედარება აჩვენებს, რომ რუსული მედია გაცილებით მეტ დროს უთმობდა ისეთი საკითხების გაშუქებას, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები (32,8%), ტერორიზმი (28,5%), პოლიტიკა (15,5%).

2. ქართულ ტელევიზიებში ტერორიზმის შემდეგ ყველაზე ფართოდ გაშუქებული ადამიანის უფლებების თემა (16,5%) შედარებით მწირად არის წარმოდგენილი რუსულ ტელევიზიებში (3,1%). ქართულ ტელევიზიებში ასევე უპირატესად არის წარმოდგენილი ისეთი თემები, რომელთაც უფრო ადგილობრივი ფოკუსი აქვთ.

3. თუ ქართულ ონლაინ მედიაში ყველაზე ფართოდ ადამიანის უფლებები შუქდებოდა (22,2%), აზერბაიჯანულში უპირატესობა რელიგიას (23,9%), ხოლო თურქულში – საერთაშორისო ურთიერთობებს (21,7%) ენიჭებოდა.

4. თუ ქართულ ტელევიზიებში ტერორიზმის თემატიკის გაშუქების ინტენსივობა მსოფლიოს სხვა-დასხვა წერტილში მომხდარი ტერაქტების პარალელურად იზრდებოდა, რუსულ ტელევიზიებში ტერორიზმის საკითხი მუდმივად წამყვანი თემა იყო და ხშირად ტერორიზმის დღის წესრიგის შექმნა ხელოვნურად ხდებოდა.

5. მაშინ, როცა ქართული მედია აშშ-ის, ევროკავშირისა და თურქეთის ანტიტერორისტულ აქტი-ვობებს აშუქებდა, თუ არ ჩავთვლით ერთეულ გამონაკლისს, რუსულ მედიაში ამ აქტივობების უგულებელყოფა ხდებოდა. მეორე მხრივ, ქართული ტელევიზიები ნაკლებად აშუქებდნენ თავად რუსეთის, სირიის და მათი პარტნიორების ანტიტეროსტულ ოპერაციებს.

6. ქართული მედია მუსლიმებსა და მათთან დაკავშირებულ თემატიკას მეტ-ნაკლებად ნეიტრალურად აშუქებდა. გამონაკლისი იყო „ობიექტივი“ და ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“, რომლის სარედაქციო პოლიტიკა რუსულ მედია საშუალებებთან უფროა ახლოს, ვიდრე მეინსტრიმულ ქართულ მედიებთან.

7. ქართული ტაბლოიდური მედია („ობიექტივი“, „საქართველო და მსოფლიო“) ანტიმიგრანტული განწყობების გარდა, თურქეთთან მიმართებით ისტორიული ტრავმის გაღვივებას ახდენდა და საქართველოს თანამედროვე უსაფრთხოების პრობლემებიდან (რუსეთის ოკუპაცია) ყურადღება ისტორიულ საფრთხეებზე (ოსმალეთის იმპერიის ოკუპაცია) გადაჰქონდა.

8. რუსული მედია საშუალებები (НТВ, 1 КАНАЛ, РТР ПЛАНЕТА, Sputnik-საქართველო) მუსლიმთა თემატიკას და მათთან დაკავშირებულ საკითხებს მეტწილად ანტიდასავლურ, პროპაგანდისტულ კონტექსტში აშუქებდნენ.

9. რუსული ტელევიზიების წამყვანები საინფორმაციო გადაცემების ფორმატში ხშირად არ იცავდნენ ჟურნალისტურ ნეიტრალიტეტს და ისინი საკუთარ თავს რუსეთის ხელისუფლებასთან აიგივებდნენ, რომლის საპირწონედ აშშ და დასავლეთი იყო (ჩვენ vs. ისინი) წარმოდგენილი.

10. Sputnik-ის ქართულენოვანი ონლაინ გამოცემა, ერთი შეხედვით, ამბის გადმოცემის ნეიტრალურსტილს იყენებს, თუმცა ფაქტებისა და ფოტოების მანიპულაციური მოწოდებით, მიგრანტების თემის სპეკულაციური წარმოდგენით, იმავე ნარატივების შეფარვით დამკვიდრებას უწყობს ხელს, რასაც კომენტარებზე ორიენტირებული რუსული სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემები.

11. რუსული მედია ტერორიზმს ისლამს, მიგრანტებსა და აღმოსავლური წარმომავლობის ეროვნებებს უკავშირებდა და ამკვიდრებდა აზრს, რომ ევროპის პოლიტიკა მიგრანტებთან მიმართებით ტერორიზმისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, ხოლო აშშ ახალისებს ტერორიზმს.

12. რუსული მედია ამკვიდრებდა აზრს, რომ ერთადერთი უსაფრთხო სივრცე, სადაც ხალხი დაცულია, ИГИЛ-ი (ISIS) აკრძალულია და ხელისუფლებას ძალუძს ტერაქტების აღკვეთა, რუსეთია; რუსი ჟურნალისტები ხშირად დიქტატორული რეჟიმების გამართლებას ახდენდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებები ბაშარ ალ-ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ უსაფუძვლოა.

13. აზერბაიჯანული გამოცემები, სადაც დომინანტი რელიგიური თემატიკა იყო, უფრო კონსერვატიულ მიდგომებს ავლენდნენ (მაგალითად, რელიგიურ რიტუალებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ნეგატიურად გაშუქდა Big.az-ის შემთხვევაში).

14. თურქული მედია თემების უმეტესობას ნეიტრალურად აშუქებდა, თუმცა ნეგატიური ტონი ძირითადად ტერორიზმს და თურქეთის დასავლეთთან ურთიერთობებს უკავშირდებოდა.

დეტალური კვლევა იხილეთ მისამართზე: მუსლიმთა თემატიკის გაშუქება ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ტრადიციულ და ახალ მედიაში

კვლევა, ასევე შეგიძლიათ გადმოწეროთ Media.Ge-ს მისამართიდან

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test