შემოგვიერთდი

22.12.2017 15:46

მედიის განვითარების ფონდი აქვეყნებს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის საბოლოო ანგარიშს

Media Ge

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აქვეყნებს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის 2017 წლის  საბოლოო ანგარიშს , სადაც გაანალიზებულია  მედიის ფინანსური გარემო, მათ შორის ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკა.

კვლევა ძირითადად დოკუმენტების ანალიზს ეყრდნობა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტაციას, ასევე დამატებით საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ მონაცემებს, ასევე ღია წყაროებით გავრცელებულ ცნობებს მოიცავდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპითა და ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მედია საშუალებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ასევე განხორციელდა მედია შინაარსის თვისობრივი ანალიზი.

ანგარიშის პირველ ნაწილში მიმოხილულია მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები, ასევე მაუწყებელთა შემოსავლების შესახებ ის მონაცემები, რომლებიც ამ მომენტისთვის საჯაროა; მე-2 ნაწილი რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებებში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკას ასახავს; მე-3 ნაწილში კი მიმოხილულია, თუ რამდენად ითვალისწინებს საბიუჯეტო კონტრაქტები სხვადასხვა მედიუმის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, ასევე რამდენად იცავს თავად მედია მაღალპროფესიულ სტანდარტს, რომელიც დაფინანსებული შინაარსის სარედაქციო მასალებისგან მკვეთრად გამიჯვნას ითვალისწინებს; ბოლო მე-4 ნაწილში კი მოცემულია, მაგალითები, თუ რამდენად იცავდნენ ცალკეული მედიები სარეკლამო მასალის სარედაქციოსგან გამიჯვნის სტანდარტს 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდში.

კვლევის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

1. სატელევიზიო ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშეების - ტელეიმედი, რუსთავი 2,  სტუდია “მაესტრო” და GDS-ის 2017 წლის 3 კვარტლის ფინანსური შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის კვლავაც გაუმჭვირვალეა, რადგან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მონაცემებს თითქმის 1 წელია არ ასაჯაროვებს;

2. ტელეკომპანიის გამოკლებით, სხვა მაუწყებელთა შემოსავლები მარეგულირებელმა ნოემბრის დასაწყისში მხოლოდ მედიის განვითარების ფონდის სასამართლოსათვის მიმართვის შემდეგ გამოაქვეყნა;

3. ტელეკომპანიის გარდა, სხვა სატელევიზიო მაუწყებლების სამი კვარტლის შემოსავალმა 50 591 081 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე (32 825 661) მოდის;

4. ტელეკომპანია ობიექტივის შემთხვევაში, მთავარი შემოსავლის წყარო წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც შემოწირულობებია, რომელიც მთლიანი შემოსავლის 81 %- ს (768 035 ლარი) შეადგენს. აქედან 130 900 ლარი მაუწყებლის მფლობელის, 637 135  ლარი კი - სხვა პირების შემოწირულობებია.

5. 2017  წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედია საშუალებებთან 8 800 535 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გააფორმეს, საიდანაც 65,9 % (5 800 606) ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე მოდის, 9.8 % (864 964) - რეგიონულ ტელევიზიებზე, 14.6 % (1 325 943) - ონლაინ მედიაზე, 4,6 % - ბეჭდვურ მედიაზე (403 980), 0,7 % (60 209) - რადიოზე; 2,6 % (229 648) კი შერეულ კონტრაქტებზე გადანაწილდა.

6. ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების - 2 449 383  ლარის ხელშეკრულება საბიუჯეტო ორგანიზაციებთან “იმედთან” გაფორმდა, რეგიონული ტელევიზიებიდან - ქვემო ქართლის ტელევიზიასთან (185 522 ლარი), რადიოებიდან - ჰოლდინგ “ფორტუნასთან”  (11 240 ლარი), ონლაინ მედიიდან - “პალიტრა მედია” ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებთან (341 829), ბეჭდვით მედიიდან - გაზეთ “რეზონანსთან” (76 626).

7. გარკვეული საბიუჯეტო ორგანიზაციები 2017 წელსაც აფინანსებდნენ ისეთ გამოცემებს, რომლებიც ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკითა და სიძულვილის ენის გაღვივებით გამოირჩევიან.

8. საჯარო დაწესებულებებსა და ტელევიზიებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში ვხვდებით ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც თავისი შინაარსით სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას წარმოადგენს, როდესაც სიუჟეტის შინაარსს, მის ეთერში განთავსებას და პერიოდულობას ადმინისტრაციული ორგანო ან საბიუჯეტო ორგანიზაცია განსაზღვრავს.

9. ონლაინ მედიაში სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საკონტრაქტო პირობები როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაკვეთით ჟურნალისტური გამოძიებების ჩატარებას, ასევე მათი საქმიანობის გაშუქებას, ინტერვიუების აღებას, გაშუქებული მასალებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, მათ მთავარ თემებში გამოტანას მოიცავდა.

10. სარეკლამო და დაფინანსებული მასალების სარედაქციოსგან გამიჯვნის მკაფიო და თანმიმდევრული სტანდარტები არც ონლაინ მედიაში, არც ბეჭდვითში არ მოქმედებს, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა.

11. გარკვეული გამოცემები სარეკლამო სტატიებისა და სარედაქციო მასალების მკაფიოდ გამიჯვნის სტანდარტს არც ადგილობრივი არჩევნების დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების დროს იცავდნენ.

დეტალური ანგარიში იხილეთ მედიის განვითარების ფონდის ვებგვერდზე, ან გადმოწერეთ Media.Ge-ს გვერდიდან

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test