შემოგვიერთდი

29.12.2017 12:37

ვასილ მაღლაფერიძე სადავო ვიდეომასალის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას იღებს

Media Ge

წყარო: on.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ შსს-ს მიერ ზვიად რატიანის დაკავების შესახებ ვიდეოფრაგმენტის განთავსებაზე პასუხისმგებლობას იზიარებს. ამის შესახებ მაღლაფერიძემ დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე თქვა.

მაღლაფერიძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ მაუწყებელმა ინფორმაციის გავრცელებისას არ აღნიშნა ჩანაწერის ფრაგმენტულობის შესახებ, ასევე, ისიც, რომ ვიდეო იყო დამონტაჟებული და სრულად არ ასახავდა რატიანის დაკავების ინციდენტს. მაღლაფერიძეს არც ის დაუსაბუთებია, თუ რატომ ჰქონდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რატიანის შესახებ არასრული, ფრაგმენტული ვიდეოს გავრცელებას მაღალი საჯარო ინტერესი.

ამავე სხდომაზე მაღლაფერიძემ განმარტა, რომ ფრაგმენტი, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, ეთერში გაუშვეს სხვა არხებმაც.

"მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ სიუჟეტის მიმართ. ეს არ არის დადებითი, მაგრამ ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც აიღებს და მესვრის ტელევიზია. პირველი არხის მოქმედებდა იმ სტანდარტით, რომელიც არის დადგენილი და უნდა გითხრათ, რომ ის, რაზეც არის ამბავი ატეხილი მე შემიძლია წარმოგიდგინოთ. ეს გაუშვა აბსოლუტურად ყველა არხმა, რომელსაც ახლა ვაძლევ ინტერვიუს. პირველი არხი, იმ ცნობილ გამონათქვამებს, არ გავიმეროებ, ადებდა სიგნალს და აქ არის არხები, რომლებიც ამას უშვებდნენ სიგნალის გარეშე, მათ შორის ჩვენზე ადრე. ჩვენ ჯერ დაბალი ყურებადობა გვაქვს, დღეს გადაიფარა და ისე წარმოჩინდა, რომ ეს პირველმა არხმა გაავრცელა და დაატირაჟირა. ეს არის მისი როგორც ამას სახავენ და ეს სიმართლეს არ შეესაბამება", - თქვა მაღლაფერიძემ.

სამეურვეო საბჭოს წევრმა, ქეთი მსხილაძემ, გენერალურ დირექტორს უთხრა, რომ მაუწყებლის მიერ გავრცელებული მასალა ამართლებდა პოლიციის ქმედებას და საზოგადოებას აგრესიის ახალ ობიექტს უჩენდა.

სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, სულხან სალაძემ იკითხა, თუ რა სახის პასუხისმგებლობას აიღებდა გენერალური დირექტორი. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ის მზადაა აიღოს ის პასუხისმგებლობა, რასაც სამეურვეო საბჭო დააკისრებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მასალის განთავსებისთვის საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ გაამტყუნა. მასალა, რომლის გამოც ქარტიამ მაუწყებელი გაამტყუნა და მოქალაქეების ერთი ნაწილის ბოიკოტი გამოიწვია, ჯერ კიდევ იძებნება პირველი არხის ვებგვერდზე.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test