შემოგვიერთდი

18.01.2018 14:48

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორისთვის” მიუღებელია საზოგადოებრივ მაუწყებლის ბრიუსელ

Media Ge

წყარო: interpressnews.ge
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმაში”  შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია ბიუროს დახურვის თაობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება.  

პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველთა მხრიდან კანონით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტის უგულებელყოფაზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს და გადაწყვეტილების მიმღებთა პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელოს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ გაავრცელა განცხადება, რომ არხის ხელმძღვანელობამ ბრიუსელის ბიუროს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ის მუშაობას 2018 წლის 1 თებერვლიდან შეაჩერებს. სამწუხაროდ, სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა ბიუჯეტი, სადაც მუდმივმოქმედი ბიუროს დაფინანსება გათვალისწინებული აღარ არის.

ევროინტეგრაციის საკითხების ინტენსიური და სიღრმისეული გაშუქება, გარდა ქვეყნის მიერ არჩეული საგარეო კურსის გათვალისწინებით თემის აქტუალობისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებაა. ვერც ეს ვალდებულება და ვერც საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების აუცილებლობა, მით უფრო მომძლავრებული ანტიდასავლური პროპაგანდის პირობებში, ვერ დაიფარება თბილისიდან ჟურნალისტთა პერიოდული მივლინებებით.

არადამაჯერებელია მენეჯმენტის განმარტება, რომ მივლინებების ბიუჯეტის გაზრდით ის ევროპის გაშუქებას გააძლიერებს. რადგან მივლინება ვერ ჩაანაცვლებს მუდივმოქმედი ბიუროს დატვირთვას.

ბრიუსელში მუდმივმოქმედი ბიუროს მუშაობა მოიცავდა ჟურნალისტთა მოქმედ აკრედიტაციებს ევროკავშირის წარმომადგენლობებში, ასევე საქმიან კონტაქტებს, რასაც ჟურნალისტები თავისი საქმიანობისას ამყარებდნენ, რაც პირველწყაროების წვდომას განაპირობებდა.

ეს გადაწყვეტილება მით უფრო შემაშფოთებელია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ დახურული გადაცემების ფონზე, რომლებიც იქმნებოდა გამოკვეთილი დასავლური ღირებულებების საფუძველზე. ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დაიხურა ერთადერთი სატელევიზიო პროგრამა რომელიც სწორედ ევრო-ატლანტური ინტეგრაციის საკითხებს ეძღვნებოდა - გადაცემა ,,ვექტორი”. ეს ტენდენცია ბიუროს დახურვასთან ერთად აჩენს ეჭვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს ამბობს ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეულ გაშუქებაზე, რაც დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს.

ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება კანონით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტის უგუვებელყოფაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველთა მხრიდან და იმსჯელოს გადაწყვეტილების მიმღებთა პასუხისმგებლობის საკითხზე“, – ნათქვამია მიმართვის ტექსტში, რომელსაც ხელს 60 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test