შემოგვიერთდი

19.03.2018 15:44

კოალიცია თანასწორობისთვის’’ მოითხოვს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სათანადო რეაგირებას და ქალებს სამართლებრივი საშუალებების გამოყენებისკენ

Media Ge

სექსუალური შევიწროების ჩამდენთათვის კანონმდებლობა სანქციას არ ითვალისწინებს, შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლებისთვის უკავშირდება სტიგმასა და ხშირ შემთხვევაში ხდება თავად მსხვერპლების დადანაშაულება, ამგვარი ქმედებები სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება და ქალები ამჯობინებენ არ ისაუბრონ შევიწროების ფაქტებზე.

სექსუალური შევიწროების ფაქტის შეფასება უმეტესწილად ხდება მამაკაცის აღქმისა და სტანდარტების ტესტის გათვალისწინებით. შედეგად იგი ხშირ შემთხვევაში მიიჩნევა ქალთა და მამაკაცთა ურთიერთობის მისაღებ ფორმად, რაც ახდენს ქალის მიერ განცდილი ფსიქოლოგიური ზიანის გაუფასურებას. აღნიშნული მიდგომის გამყარება სახელმწიფოს კანონმდებლობითა და პრაქტიკით წარმოადგენს ქალის დისკრიმინაციის ფორმას.

ამასთანავე ვეხმაურებით ისტორიების გასაჯაროების შედეგად სავარაუდო მოძალადის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესაძლო დარღვევის საკითხს. აღვნიშნავთ, რომ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის თანახმად, გენდერული ძალადობის შემთხვევაში, სავარაუდო მოძალადის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სხვა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის ქალის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის უფლებას.არსებითია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის სენსიტიურ შემთხვევებზე საუბრის დროს ყველა ზომა იქნეს მიღებული, რათა არ მოხდეს მსხვერპლ ქალთა ხელახალი ვიქტიმიზაცია სავარაუდო მოძალადეს უფლებების დაცვის კონტექსტში.

კოალიცია მიმართავს სახალხო დამცველს მსხვერპლთა კონფიდენციალობის დაცვით შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში.

კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა ევროკავშირის დირექტივებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად (სტამბოლის კონვენცია), სექსუალური შევიწროება კანონმდებლობით აღიაროს დისკრიმინაციის ფორმად, რაც შექმნის სასამართლოსთვის მიმართვის მკაფიო შესაძლებლობას.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მზად არიან სამართლებრივი დახმარება გაუწიონ ყველა ქალს, რომელმაც სექსუალური შევიწროება განიცადა.

კოალიცია თანასწორობისთვის

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

კოალიციის წევრები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” და „იდენტობა“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test