შემოგვიერთდი

20.03.2018 17:44

ეთნიკური უმცირესობა პარლამენტს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე

Media Ge

საქართველოს ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობისა და ინტეგრაციის პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების ლიდერები საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების ისევე როგორც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტის სახელზე მიმართვას ავრცელებენ.

 მიმართვის ავტორები სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით ყველაზე მწვავე პრობლემად გამოყოფენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის საკითხს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ - „ეთნიკური უმცირესობები მმართველობით ორგანოებში ძირითადად მათი კომპაქტური დასახლების ადგილებში არიან წარმოდგენილი.

 პრობლემურად რჩება ცენტრალურ ხელისუფლებაში, დედაქალაქისა და მისი მუნიციპალიტეტების მმართველობაში ეთნიკური უმცირესობების ადეკვატური და უშუალო მონაწილეობის საკითხი. ასევე აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების არცერთი მარეგულირებელ ორგანოს (კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგები კომისიები) მმართველობაში და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის არ არიან ეთნიკური უმცირესობები წარმოდგენილი. ქვეყნის ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობას ჩვენ ვაფასებთ არა როგორც ცალკეული ინდივიდების დასაქმების შესაძლებლობას, არამედ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის თანამოქალაქეთა წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობის ერთ–ერთ უმთავრეს საშუალებას.

 ეთნიკური უმცირესობების დიდ ნაწილში უნდა ჩამოყალიბდეს იმის განცდა, რომ ადამიანის განსხვავებული წარმოშობა, პიროვნების განვითარებისა და თვითრეალიზების გზაზე არ არის შემაფერხებელი ფაქტორი, რისთვისაც საჭიროა გამოიკვეთოს წარმატების კონკრეტული მაგალითები“.

 მიმართვის ავტორები, ეთნიკური უმცირესობები ჩართულობის კუთხით განსაკუთრებით პრობლემურად გამოყოფენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში იზაბელა ოსიპოვასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას - „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურსში 5 წლის განმავლობაში ეთნიკურმა უმცირესობებმა 4 ჯერ მხარი დავუჭერთ ქალბატონ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას, რომელიც აკმაყოფილებს ამ პოზიციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას – არის უფლებადამცველი, ჟურნალისტი, არის დამოუკიდებელი ყოველგვარი გავლენებისგან, მისაღები კანდიდატია ყველა ჯგუფისთვის და აქვს დიდი ნდობა ყველა ეთნოსის წარმომადგენლებში. მიუხედავად იმისა, რომ მან ოთხივეჯერვე წარმატებით გადალახა საკონკურსო კომისია, იგი არც საპარლამენტო უმრავლესობის, არც საპარლამენტო უმცირესობის და არც სახალხო დამცველის მიერ არ იქნა წარდგენილი სამეურვეო საბჭოს კანდიდატად. აღნიშნული გარემოება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში იწვევს სახელმწიფოს მიერ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა და გაკეთებული განცხადებების მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას“.

 ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობისა და ინტეგრაციის პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ და ამ სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ითხოვენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან უახლოეს ხანებში შეხვედრას.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test