შემოგვიერთდი

23.03.2018 20:23

სასამართლომ “ქართული მარშის” ექვს წევრს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

Media Ge

წყარო: http://netgazeti.ge
საქალაქო სასამართლომ ე.წ ქართული მარშის ექვს წევრს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ლადო სადღობელაშვილი, ლუკა ნაცვლიშვილი, გიორგი ონიანი, ბექა რევაზიშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი და მიხეილ ამისულაშვილი მანდატურის სამსახურმა სასამართლოს დარბაზიდანვე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური და ლანძღვა-გინება მოჰყვა. ე.წ. ქართული მარშის წევრებმა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს შენობაში და ეზოშიც გააპროტესტეს.  იხილე ნეტგაზეის ვიდეო

ბრალდების მხარე აპელირებდა ბრალდებულების მხრიდან მიმალვის საფრთხესა და მოწმეთა ზემოქმედების საფრთხეზე. პროკურორი ასევე საუბრობდა ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთეზე. სწორედ ეს პოზიცია გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ.

ე.წ. ქართული მარშის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციოში გაასაჩივრებს.

“ქართული მარშის” წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს ცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ აამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ფოტო: on.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test