შემოგვიერთდი

30.04.2018 14:02

NDI-ს გამოკითხვა: „იმედის“ ნდობის მაჩვენებელი „რუსთავი 2-ის“ მაჩვენებელზე მაღალია

Media Ge

წყარო: netgazeti.ge
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს, 30 აპრილს, გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, “იმედის” ნდობის მაჩვენებელი “რუსთავი 2-ის” მაჩვენებელზე მაღალია.

NDI-იმ კვლევაში მონაწილეებს კითხვა შემდეგი ფორმულირებით დაუსვა: “ყველაზე მეტად რომელ არხებს ენდობით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად?”

გამოკითხულთა 33%-მა დაასახელა ტელეკომპანია “იმედი”, 27%-მა – “რუსთავი 2”, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი: კი მხოლოდ 4%-მა. არცერთ ტელევიზიას არ ენდობა გამოკითხულა 22%.

2017 წლის მიწურულს ჩატარებული კვლევისას, მოქალაქეებს ტელევიზიების ნდობაზე ზუსტად იგივე ფორმულირებით დაუსვეს კითხვა. “იმედს” 2017 წლის ზამთარში ენდობოდა 46%, “რუსთავი 2-ს” – 46%, “პირველ არხს” – 9%”. 2017 წლის მიწურულს არცერთს არ ენდობოდა 19%.

შენიშვნა: როგორც NDI აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ 2017 და 2018 წლის კვლევებისას გამოკითხულებს ტელევიზიების ნდობაზე იდენტური კითხვები დაუსვეს, აღნიშნული მონაცემები არ გამოდგება რეიტინგის კლება-მატების გასაზომად. კვლევის ავტორების ცნობით, 2017 წლის ბოლოს ჩატარებული კვლევის მონაწილეებს სამი ტელევიზიის დასახელება შეეძლოთ, 2018 წლის გაზაფხულზე გამოკითხულებს კი – მხოლოდ ერთის. შესაბამისად, ეს ორი კვლევა ტელეარხების მიმართ ნდობის დინამიკის ცვლილების ილუსტრირებისთვის არ გამოდგება.

NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა.  მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test