შემოგვიერთდი

11.05.2018 20:57

კონფერენცია თემაზე: „კვლევების როლი დეზინფორმაციასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში“

Media Ge

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით , 14 მააისს თბილისში გაიმართება  კონფერენცია თემაზე „კვლევების როლი დეზინფორმაციასთან და მის შედეგებთან  ბრძოლაში.“

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ინფორმაციის სანდოობა დარტყმის ქვეშაა, ნათქვამია 11 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში.

 „ეს პროცესი საფრთხეს უქმნის სახელმწიფო პოლიტიკისა და საჭირო რეფორმების გატარებას და არადემოკრატიული ძალებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. მართალია, დეზინფორმაცია ახალი ფენომენი არ არის, მაგრამ ჰიბრიდული ომის, დიდი მონაცემების, სოციალური მედიის, ხელოვნული ინტელექტის, პროპაგანდისა და კომპიუტერული ბოტების პირობებში, ის კიდევ უფრო საშიშ და რთულად კონტროლირებად მოვლენად იქცა”, აცხადებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.

მათივე პოზიციით,  საზოგადოებაში დაბნეულობისა და უკმაყოფილების დასათესად, ავტორიტარული რეჟიმები და არადემოკრატიული ძალები სხვადასხვა გზით ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებას. ასეთი აგრესიული კამპანიების მიზანი სამოქალაქო დისკურსის დაბინძურება, დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა და პოლიტიკური სურათის ცვლილებაა.

პრესრელიზში შემდეგ წერია:  დღეს, როდესაც მოსახლეობა სულ უფრო ხშირად იღებს ინფორმაციას ინტერნეტიდან, ახალგაზრდების პოლიტიკური იდენტობა კი დიდწილად სოციალურ მედიაში ფორმირდება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა კიდევ უფრო რთულდება. ინფორმაციული ომი გლობალური დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის მალულ და განსაკუთრებულად სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებას მასთან ბრძოლაში განსხვავებული ღირებულებები და რესურსების სიმცირე უშლით ხელს.

დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების მიზანი დემოკრატიული სისტემების მიმართ უნდობლობის დათესვაა. დემოკრატიის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, მოსახლეობას პოლიტიკის შესახებ სანდო და ავთენტური ინფორმაცია ჰქონდეს. სწორედ ამ რესურსის ნაკლებობის გამო, მოსახლეობა ხშირად საკუთარ პრიორიტეტებს ვერ აფიქსირებს, მთავრობები კი მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას ვერ ახერხებენ. ასეთ პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი კომუნიკაციის არხები ვეღარ მუშაობს და ამით პლურალიზმი და ანგარიშვალდებულება ზარალდება. შედეგად, შექმნილი ვაკუუმით ულტრანაციონალისტები, პოპულისტები და არალიბერალური ჯგუფები საგებლობენ, ვისთვისაც დეზინფორმაცია სამოქმედო იარაღია. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, სამოქალაქო ჯგუფები და მკვლევრები აქტიურად ცდილობენ დეზინფორმაციისა და მისი მოდელების შესწავლას, დეზინფორმაციის კამპანიის შედეგების გაზომვასა და მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენას. კვლევების დახმარებით ისინი, ასევე, პროპაგანდის საპასუხო სტრატეგიების შემუშავებას ცდილობენ, რათა მის შედეგებს შეებრძოლონ და დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული ეროვნული მედეგობა გააძლიერონ. 14 მაისს, ერონულ დემოკრატიული ინსტიუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელიც აღნიშნულ სფეროში ჩატარებულ კვლევებს მიეძღვნება. კონფერენციის მიზანია შეკრიბოს ანალიტიკოსები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც თავიანთ საქმიანობაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებზე, საუკეთესო პრაქტიკასა და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებენ. ერთდღიანი ღონისძიება სამი თემატური ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში მონაწილეები დეზინფორმაციის კერის, ნიშნებისა და გამოვლინებების შესახებ ისაუბრებენ. ღონისძიების მეორე ნაწილი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახელეობის ნდობაზე დეზინფორმაციის გავლენის გაზომვას მიეძღვნება. მესამე ნაწილში გამომსვლელები პრობლემის გადაჭრის გზებზე და ეროვნული მედეგობის გაძლიერების სტრატეგიებზე იმსჯელებენ. თითოეული თემატური ნაწილის ბოლოს გაიმართება დისკუსია, რომელსაც მოდერატორი გაუძღვება. ღონისძიების დასასრულს გაიმართება ვახშამი. კონფერენცია იმართება NDI-სა და CRRC-ის ერთობლივი ძალისხმევით. NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას. CRRC საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ. ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test