შემოგვიერთდი

04.06.2018 18:38

სიძულვილის ენის გამოყენების სულ უფრო მზარდი ტენდენცია

Media Ge

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აქვეყნებს ახალ  ანგარიშს „სიძულვილის ენა 2017“, სადაც რაოდენობრივად დათვილილია  თვისებრივად შესწავლილია მედიის, პარტიების,  საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სასულიერო პირების და  ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ქსენოფობიის, ჰომოფობის, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციიის  გამონათქვამები.

მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც მეინსტრიმული, ასევე ტაბლოიდური მედია. მონიტორინგი 17 მედია საშუალებაზე ხორციელდებოდა. ტელევიზიების შემთხვევაში პროგრამული ბადის ცვლილებების გამო ზოგიერთი გადაცემა, რომელიც ეთერიდან მოიხსნა, ახალი ანალოგიური ფორმატის გადაცემებით ჩანაცვლდა. მონიტორინგი შემდეგ სუბიექტებზე განხორციელდა: 4 ტელევიზიის პრაიმ თაიმის ყოველდღიური საინფორმაციო და კვირის ანალიტიკური გამოშვება: საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოამბე, მთავარი), „რუსთავი 2“ (კურიერი, P.S.), „იმედი“, („ქრონიკა“, „იმედის კვირა“), „მაესტრო“ („მთავარი თემა)“.

 5 ტელევიზიის თოქ-შოუ: საზოგადოებრივი მაუწყებელი („კვირის ინტერვიუ“)2, „რუსთავი 2“ („არჩევანი“), „იმედი“ („ამომრჩევლის პირისპირ“, „პირისპირ“), „ობიექტივი“ („ღამის სტუდია“; „ოქროს კვეთა“), “ კავკასია“ („ბარიერი“, „სპექტრი“).

7 ონლაინ გამოცემა: „საქინფორმი“, „ნეტგაზეთი“, „ინტერპრესნიუსი“, „საქართველო და მსოფლიო“, PIA, „კვირის პალიტრა“, „მარშალპრესი|“.

4 გაზეთი: „რეზონანსი“, „პრაიმ თაიმი“, „ასავალ-დასავალი“, „ალია“.

მონიტორინგი როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივ მონაცემებს ასახავს. რაოდენობრივი ნაწილი მოიცავს დისკრიმინაციული კომენტარების რაოდენობას თემატიკის მიხედვით, ხოლო თვისებრივ ნაწილში მოცემულია გზავნილების ტიპოლოგია.

ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის პერიოდში (2017 წლის 1 იანვარი – 31 დეკემბერი) სულ 1926 დისკრიმინაციული შინაარ­სის კომენტარი გამოვლინდა, რომელთაგან ყველაზე დიდი წილი ქსენოფობიაზე (49,1%) მოდის, შემ­დეგ ადგილზეა ჰომოფობია (38%), შედარებით ნაკლებად რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია (7,3%), სიძულვილის ენა სხვადასხვა მოტივით (4,5%), რასიზმი (1%) და 1 შემთხვევაში (0,1%) გეოგრაფიული ნიშნით დისკრიმინაცია.

2016 წელთან შედარებით თითქმის ყველა ტიპის დისკრიმინაცია გაზრდილია, თუმცა ყველაზე მკვეთრი ზრდა ქსენოფობიის მხრივ შეინიშნება, რაც ძირითადად ანტიმიგრანტული (275) განწყობების მოჭარ­ბებით არის განპირობებული. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 310 იყო, რაც, მონიტორინგის ავტორთა აზრით, ულტრანაციონალისტური ჯგუფების გააქტიურებით და მიგრანტების საწინააღმდეგო კამპანიით უნდა იყოს განპირობებული.

გაზრდილია თურქოფობიული (2017 – 274; 2016 – 148) და არმენოფობიული (2017 – 58; 2016 – 26) კომენტარებიც.

თურქოფობიის შემთხვევაში დომინირებდა აზრი, რომ თურქეთი საქართველოს ექსპანსიას ახორცი­ელებს (121) და რომ ის არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ ისტორიული მტერია (46). ამასთანავე ცალკეული რესპონდენტები ამკვიდრებდნენ აზრს, რომ რუსეთის მსგავსად თურქეთიც ოკუპანტად (29) უნდა მივიჩნიოთ, რა დროსაც აქცენტის გადატანა რუსეთის თანამედროვე ოკუპაციიდან ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ ოკუპაციაზე ხდებოდა, რაც, თავის მხრივ, ისტორიული ტრავმის გაღვივებას ისა­ხავდა მიზნად.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ხდებოდა ერთმორწმუნე რუსეთის მუსულმანური თურქეთის საპირწონედ და საქართველოს უსაფრ­თხოების გარანტად წარმოჩენა (17). ამ კონტექსტში გარკვეულ შემთხვევებში ყარსის ხელშეკრულების შესახებ კონსპირაციის განვითარებაც ხდებოდა (8).

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის 140 შემთხვევიდან თითქმის 65% ისლამოფობიაზე მოდის (90). შემდეგ ადგილზე არიან იეჰოვას მოწმეები (29 კომენტარი) და შედარებით ნაკლებად სხვადასხვა კონ­ფესიები. მონიტორინგის პერიოდში ერთი ანტისემიტური კომენტარიც გამოვლინდა.

20 რასისტული კომენტარიდან ყველაზე მეტი (9) მედიაზე მოდის.

2017 წელს გეოგრაფიული ნიშნით დისკრიმინაციის ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

მედიის (573) და საზოგადოების წარმომადგენლების (559) მხრიდან გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები ყველაზე მაღალია და ისინი თითქმის თანაბარი შეუწყნარებლობით გამოირ­ჩევიან, რასაც მცირედით ჩამორჩება პოლიტიკური კლასი (472). სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანი­ზაციების მაჩვენებელი შედარებით დაბალია (279), რაც უფრო მეინსტრიმულ მედიაზე მათი შედარებით დაბალი წვდომით უნდა იყოს განპირობებული. ყველაზე მცირედ მონიტორინგის სუბიექტ მედიაში სა­სულიერო პირების სიძულვილის ენაა წარმოდგენილი (44).

გამოიკვეთა 6 მედია საშუალება, რომელიც ყველაზე ხშირად გამოხატავდა სიძულვილის ენას სხვა­დასხვა ჯგუფების მიმართ: ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კრემლისტურ გამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ (198) აქვს, რომელსაც მოსდევს ეთნო-ნაციონალისტური გაზეთი „ასავალ-დასავალი“ (141); პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტვ „ობიექტივი“ (74), რომელიც როგორც ეთნონაციონა­ლისტურ, ასევე კრემლისტურ სარედაქციო პოლიტიკას გამოხატავს; კრემლისტური სააგენტო „საქინ­ფორმი“ (66), ეთნო-ნაციონალისტური გაზეთი „ალია“ (46) და სახელისუფლებო სარედაციო პოლიტი­კის მქონე ონლაინ სააგენტო „მარშალპრესი“ (16).

გამოვლინდა 10 პარტია, რომელიც ყველაზე ხშირად აღვივებდა სიძულვილის ენას. ესენია: პრორუ­სული პარტიები – „პატრიოტთა ალიანსი“ (132), „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ (57), „თა­ვისუფალი საქართველო“ (26), „ქართული დასი“ (20), „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ (19), „მემარცხენე ალიანსი“ (11); ეთნონაციონალისტური გაერთიანებები – „ეროვნულები“ (73), „ჩვენი სამ­შობლო“ (18) და „ქართული იდეა“ (17). ათეულში ასევე წარმოდგენილია მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნებაც“ (45).

გამოიკვეთა 5 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებს მო­ნიტორინგის სუბიექტ მედია საშუალებებში ყველაზე ხშირად ვხვდებით. ეს ორგანიზაციებია: ეთნონა­ციონალისტური „ქართული მარში“ (111) და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ (18), პრორუს­ლი – „სახალხო კრება“ (28), „უფლებადამცველთა გაერთიანება“ (24), კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი (14).

საზოგადოების მხრიდან, რომელიც იმავე გზავნილებს გამოხატავდა, რომელთა ტირაჟირებას მედია და პოლიტიკური კლასი ახდენდა, ყველაზე მეტი ქსენოფობიური კომენტარი გაკეთდა. ყველაზე მეტი სიძულვილის ენის შემცველი კომენტარი კი ტვ „ობიექტივის“ მაყურებელმა (45) სატელეფონო ჩართვის ფორმატში გააკეთა.

მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მონაწილეობს პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მედია მონიტორინგი, რომლის მიზანია მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და მათი წყაროების გამოვლენა.

სრული ანგარიში იხილეთ მედიის განვითარების ფონდის ვებგვერდზე.
ანგარიშის ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია Media.Ge-ს გვერდიდან

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test