შემოგვიერთდი

17.01.2012 12:42

“მაგთისატი“ მაუწყებლობას იწყებს

მაია წიკლაური

სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთი“ 23 იანვრიდან საქართველოში პირველი თანამგზავრული ტელევიზიის, „მაგთისატის“  მაუწყებლობას იწყებს.  17 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ახალი ტელევიზია ეთერში თანამგზავრული მაუწყებლობის ოპერატორის, SES-ის კუთვნილი სატელიტის, ASTRA-ს მეშვეობით გავა.

„ჩვენ არ ვქმნით საკუთარ არხს, „მაგთისატი“ სხვა ტელეკომპანიების მიერ წარმოებული პროდუქტის რეტრანლირებას განახორციელებს“, - განაცხადა პრესკონფერენციისას „მაგთის“ მარკეტინგის მენეჯერმა ირაკლი ლობჟანიძემ. მისი თქმით, საკაბელო კომპანიებსა და თანამგზავრულ ტელევიზიას შორის განსხვავება ჩვენების მაღალი ხარისხია.

საწყის ეტაპზე „მაგთისატის“ მომხმარებელს 75 უცხოური არხის ყურების შესაძლებლობა აქვს. კომპანია მომხმარებელს რამდენიმე პაკეტს სთავაზობს, მისი სააბონენტო ღირებულება თვეში 10-დან 35 ლარამდეა. „მაგთის“ გენერალური დირექტორის დევიდ ლის თქმით, ქართულ ტელეარხებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სულ მალე პაკეტში მათაც ჩასვამენ.

„მაგთისატის“ მიღებისთვის  სატელიტური თეფში და რესივერია საჭირო. აბონენტს SD ხარისხის რესივერის დამონტაჟება 60 ლარი, HD ხარისხის კი 100 ლარი დაუჯდება.

ირაკლი ლობჟანიძის განმარტებით, რესივერი აბონენტს დროებით სარგებლობაში გადაეცემა, კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ მომხმარებელი დაჯარიმდება და „მაგთი“ ტექნიკას უკან დაიბრუნებს. გარდა ამისა, აბონენტს ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 10 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test