შემოგვიერთდი

13.02.2012 08:19

„ეს შენ გეხება“, - არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები კანონის შეცვლას ითხოვენ

მაია წიკლაური

“ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს”, -  აცხადებენ 13 თებერვალს გამოქვეყნებულ პეტიციაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები.
ისინი „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, ასევე საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში  2011 წლის დეკემბეში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ.

ორგანიზაცია “კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის” ხელმძღვანელის მაგდა პოპიაშვილის ცნობით, პეტიციას ხელს აწერენ  არასამთავრობო ორგანიზაციები - “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდი”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, სხვადასხვა მედიასაშუალებები, მათ შორის ტელეკომპანიები “კავკასია” და “მაესტრო”, გაზეთები “რეზონანსი”, “ახალი თაობა” და “კვირის ქრონიკა”, ინტერნეტგამოცემები.

ეს ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონის დღევანდელი ჩანაწერის მიზანი საზოგადოების დაშინებაა.

„კანონის სულისკვეთებაა: კარგად დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი ან მოიმოქმედებ, მინიმუმ - პრობლემა არ შეგექმნას და მაქსიმუმ - არ დაგიჭირონ!”, - აღნიშნულია  პეტიციაში და განმარტებულია, თუ როგორ ზღუდავს კანონში შესული ცვლილება სხვადასხვა უფლებას.

მაგალითად, ხელმომწერების აზრით, გამოხატვის და საკუთრების უფლება შემდეგნაირად იზღუდება:

- “თუ შენ მუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში და შენი ორგანიზაციის წარმომადგენელი დააფიქსირებს პოზიციას, რომ მას არ მოსწონს რომელიმე პოლიტიკური ფიგურა/ძალა და მიაჩნია, რომ ის ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არ არის, შენს ორგანიზაციას შეუწყდება დაფინანსება დონორისგან”. 

- „თუ “შენი ახლობელი ან ოჯახის რომელიმე წევრი  უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ცხოვრობს საზღვარგარეთ და გეხმარება მატერიალურად. კონტროლის პალატამ ჩათვალა, რომ ხარ რომელიმე პარტიასთან ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული, შენ არ გექნება უფლება - მატერიალური დახმარება მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქე შენი ახლობლის, ან თუნდაც შენი ოჯახის წევრისგან”.

- პეტიციაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკურად აქტიური პირისგან დახმარების მიღების, ან თუნდაც თხოვნის გამო, შესაძლოა, მოქალაქეს 3 წლით თავისუფლება აღეკვეთოს. მაგალითად, თუ  მეგობრის დედასთან მივიდა პარტიის წარმომადგენელი და ქირურგიული ოპერაციის ღირებულების დასაფარად შესთავაზა თხოვნის წერილის დაწერა მერიის სოციალური სამსახურის და მმართველი პარტიის სახელზე. ასეთი განცხადების დაწერა, შესაძლოა, გახდეს მეგობრის დედის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის საფუძველი - განამარტავენ პეტიციის ხელმომწერები.

- ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ახალი კანონით, კონტროლის პალატას ეძლევა   არაკონსტიტუციური და ულიმიტო  უფლებამოსილებები. თუ საქართველოს კონსტიტუციით კონტროლის პალატას მხოლოდ საბიუჯეტო სახსრების აუდიტი ევალებოდა, საარჩევნო კანონმდებლობით  მას კერძო პირებისა და ორგანიზაციების შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი დაევალა. შედეგად,  “პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა, შესაძლოა, გახდეს საფუძველი კონტროლის პალატის მიერ, შენი ან შენი კომპანიის ქონების დაყადაღებისა”. მაგალითად, “თუ შენ ხარ მეწარმე და მხარს უჭერ რომელიმე პარტიას, კონტროლის პალატამ, შესაძლოა, ჩაგთვალოს პარტიასთან დაკავშირებულად და სასამართლოში მიმართვის გარეშე დაგიყადაღოს ქონება”.

- ხელმომწერების აზრით, ახალი კანონმდებლობით, მოქალაქეების გარდა პოლიტიკურ პარტიებსაც ექმნებათ არათანაბარი პირობები, რადგან  არსებული რეგულაციების მიხედვით, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეხვდებიან თქვენს სამეზობლოს, მოისმენენ მათ პრობლემებს (გადაუხურავი სახლები, მოუასფალტებელი ეზო, წყლის ან კანალიზაციის პრობლემები, ა.შ.) და მათი წასვლის შემდგომ, თუნდაც ამ პარტიის სახელის ხსენების გარეშე, რომელიმე კომპანია დაიწყებს ამ პრობლემების მოგვარებას თქვენს ეზოში, ეს კომპანია ჩაითვლება პარტიასთან დაკავშირებულად და შესაბამისი ზომები გახორციელდება ამ კომპანიისა და თავად პარტიის მიმართ.

- თუმცა, პეტიციაში განმარტებულია, რომ თუ მმართველი პარტიის კანდიდატს თქვენს სამეზობლოში სტუმრობისა და თქვენი პრობლემების მოსმენის შემდეგ, მოჰყვება ამავე მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია და ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე შეეცდება თქვენი ეზოს პრობლემების მოგვარებას, ეს სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილად ჩაითვლება.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ “ახალი რეგულაციების ბუნდოვანება უკვე გახდა საფუძველი მისი არაერთგვაროვანი და აბსურდული ინტერპრეტაციისა.”

მაგალითად, თუ  “ერთ-ერთ დაწესებულებაში დასაქმებული პირი, წლების მანძილზე, ყოველთვიურ ფულად დახმარებას იღებდა იმ ქველმოქმედისგან, რომელსაც პოლიტიკური მიზნები გაუჩნდა.  დასაქმებული შიშობს, რომ ამ დახმარების მიღების გაგრძელება, შესაძლოა, პოლიტიკურ მხარდაჭერად იქნას აღქმული. შესაბამისად, წლის დასაწყისში დახმარების მოთხოვნის განახლებული ხელშეკრულების ხელის მოწერისას, წერილობით დადო პირობა, რომ მომავალში არ გამოხატავს პოლიტიკურ პოზიციას და იქნება ნეიტრალური”.

პეტიციაზე ხელმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საჯარო ხელმოწერა, სავარაუდოდ, ამ კვირაში გაიმართება. საინიციატივო ჯგუფი კამპანიის, "ეს შენ გეხება", ფარგლებში კანონში შესული ცვლილებების გასაპროტესტებლად სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test