შემოგვიერთდი

12.04.2012 12:09

წლის ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება თავდაცვის სამინისტროა

მაია წიკლაური
IDFI (photo: )

საქართველოს 229 საჯარო დაწესებულებებაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2011-2012 წლებში 7 ათას 339 კითხვა გააგზავნა,  რაზეც 3 ათას 763 სრულყოფილი პასუხი მიიღო - ასეთია საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის  opendata.ge- ს მუშაობის შედეგი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დღეს, 12 აპრილს  წარმოადგინა.

მოთხოვნილ ინფორმაციაზე არასრულყოფილ პასუხთა რაოდენობა 1 091-ით განისაზღვრა, სამართლებრივი საფუძვლის არმქონე უარმა 265 პასუხი შეადგინა, ხოლო ინფორმაციის მოთხოვნაზე 2 ათას 220 შემთხვევაში მისი სრულად იგნორირება მოხდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის განმარტებით, opendata.ge-ს მუშაობის პირველი ეტაპისგან განსხავებით, როცა მონაცემებს მხოლოდ ცენტრალური დაწესებულებებიდან ითხოვდნენ, მეორე ეტაპზე საჯარო ინფორმაცია რეგიონებშიც - მუნიციპალიტეტებში, გუბერნატორის ადმინისტრაციებშიც -  მოითხოვეს.

“რაოდენობის მხრივ მაჩვენებლი უკეთესი იყო ვიდრე ველოდით. რეგიონებიდან საკმაოდ სრულყოფილი პასუხები მივიღეთ. ტენდენცია უკეთესია, ვიდრე 2010 წელს იყო.  ვფიქრობ, ამას ჩვენმა საქმიანობმაც შეუწყო ხელი - ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა გაიზარდა. ვმუშაობთ საჯარო დაწესებულებებთან, სასმართლოში ვჩივით, შეგვაქვს ადმინისტრაციული საჩივრები. პრაქტიკა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა გაიზარდა და ამას მოჰყვა საჯარო დაწესებულებებიდანაც ინფორმაციის გაცემის რაოდენობის ზრდა”, - ამბობს კლდიაშვილი.

დღესვე გადაეცა სერთიფიკატები და ჯილდოები იმ უწყებებს, რომლებმაც 2011 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყვეს. ასეთი უწყებებია - იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, საქართველოს ეროვნული ბანკი, საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო, მონაცემთა გაცვლის სააგენტო, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

რეგიონული საჯარო დაწესებულებებიდან ეს ჯილდო მიიღეს: ქალაქ რუსთავის მერიამ, დმანისის, ჩოხატარუის, თელავის, მარტვილის და ახალციხის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა, აგრეთვე სამცხე ჯავახეთის და სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა.

წლის ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა თავდაცვის სამინისტრო, ხოლო 2011 წელს საჯარო ინფორმაციის შეზღუდვისთვის სერთიფიკატი მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის  ეროვნულმა სააგენტომ. 

ამ უწყებების წარმომადგენლები პრეზენტაციაზე სერთიფიკატების მისაღებად არ მივიდნენ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დღესვე წარმოადგინა წიგნი - “ინფორმაციის თავისუფლება - გზამკვლევი”, რომელიც ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკას ეფუძნება. გზამკვლევის მიზანია დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამათლებრივი აქტების მართებულ გაგებაში და გამოყენებაში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test