შემოგვიერთდი

02.05.2012 12:10

მთავრობის სავალდებულო გამჭვირვალობა

David Mchedlidze

საქართველოს მთავრობამ მმართველობის გამჭვირვალობის გაზრდის ორწლიანი  სამოქმედო სტრატეგია  ბრაზილიაში,  „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP)  ფარგლებში,    მიმდინარე წლის 17-18 აპრილს  გამართულ  ფორუმზე წარადგინა.  დოკუმენტში   ასახულია ის გამოწვევები რომელსაც ქვეყანა 2012-2013 წლებში უნდა გაუმკლავდეს. საქართველომ უნდა გააუმჯობესოს საჯარო მომსახურების და საჯარო რესურსების მართვა, გაზარდოს  საზოგადოების  ჩართულება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შექმნას უსაფრთხო გარემო.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივაა, რომელსაც საქართველო 2011 წლის 30 აგვისტოს შეუერთდა.  ამ ინიციატივას  70-მდე ქვეყანაა მიერთებული. ყოველწლიურ ფორუმზე მონაწილე მთავრობები გამჭვირვალეობის გაზრდის მიზნით განხორცილებულ პროექტებს  აჯამებენ და ახალ სამოქმედო გეგმებს სახავენ.

საქრთველოს მთავრობის სამოქმედო სტრატეგიის შექმნაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილოებდნენ:  „ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი“(IDFI), „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“.  IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, რომელიც ბრაზილიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა,  Media.Ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ დოკუმენტში არასამთავრობო სექტორის ძირითადი მოთხოვნები გათვალისწინებულია. საბოლოო ჯამში ხელისუფლებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების პასუხისმგებლობა აიღო.

სტრატეგიის თანახმად, უნდა შეიქმნას საიტი ichange.ge, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, დასვან პრობლემები, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები  და განათავსონ სხვდასხვა პეტიციები. „თუკი პეტიციას დადგენილი ოდენობის მოქალაქე მოაწერს ხელს (სავალდებულო ოდენობა დამოკიდებულია საკითხის მნიშვნელობასა და მასშტაბებზე), სავალდებულო იქნება საკითხის განხილვა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შეიქმნება ვებ-გვერდი  data.gov.ge, სადაც საჯარო დაწესებულებები საჯარო ინფორმაციას განათავსებენ,  მათ შორის,  სახელწიფო ბიუჯეტისა და ფინანსების შესახებ. ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი იქნება როგორც თემების, ისე საჯარო დაწესებულებების მიხედვით.

ამ ვებ-გვერდზე   მოსახლეობას საშუალება ექნება არა მხოლოდ ნახოს უკვე გამოქვეყნებული ინფორმაცია, არამედ მისი დახმარებით დამატებით ელექტრონულად გამოითხოვოს სხვა კანონით საჯარო მონაცემებიც. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულება კი  კანონმდებლობაში აისახება. სტრატეგიის თანახმად, ხელისუფლების სტრუქტურები   საკუთარ ვებ-გვერდზე  შექმნიან ინფორმაციის თავისუფლების ქვე გვერდს.  

გიორგი კლდიაშვილის თქმით, არასამთავრობოები შიშობდნენ,  რომ შესაძლოა უწყებები მხოლოდ საკუთარ საიტზე ინფორმაციის გამოქვეყნებით დაკმაყოფილიყვნენ   და დამატებითი ინფორმაცია აღარ გაეცათ, თუმცა ეს შიში თავად ხელისუფლების დაპირებებმა გააბათილა.

„ყოველ შემთხვევაში სტრატეგია ისეთია, რომ აღებული ვალდებულებების შესრულება თუ არ გააუმჯობესებს, არ გააუარესებს სიტუაციას. გეგმის თანახმად, ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების ვალდებულება,   უკვე არსებულ კანონმდებლობასთან ერთად,  ხელს შეუწყობს საჯარო ინფრომაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას“, - აღნიშნავს გიორგი კლდიაშვილი. მისი თქმით, მთავარია საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს სამთავრობო უწყებების გამჭვირვალობის პროცესში,  დაინტერესდეს მათი  საქმიანობით.  

დოკუმენტის თანახმად, მთავრობა ასევე გეგმავს იუსტიციის სახლების აშენებას დამატებით რვა ქალაქში, შეიქმნება „მოქალქის პორტალი“ ეს იქნება მოქალაქისთვის ინდივიდუალური ვებ- სივრცე, სადაც მას საჯარო მომსახურების ელექტორონულად მიღების შესაძლებლობა ექნება.

აგრეთვე,  „საკანონმდებლო მაცნის“ მეშვეობით მოქალაქეებს შეეძლებათ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტის თუ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა. სტრატეგიის თანახმად, მიმდინარე წლიდან ხელმისაწვდომი გახდება პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციები და დამფინანსებელთა ვინაობა. ასევე, დაიხვეწება ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული სისტემა declaration.ge.

რამდენად შეასრულებს მთავრობა ნაკისრ ვალდებულებებს, ამას არასამთავრობო ორგანიზაციები  დააკვირდებიან. შეიქმნება მათი  ფორუმი, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას  შეეძლება.

„ არა მხოლოდ მონიტორინგს გავწევთ, არამედ ამ სამოქმედო გეგმის კიდევ უფრო დახვეწაზე ვიმუშავებთ. ეს არ არის საბოლოო ვარიანტი, ამას დაემატება კიდევ საკითხები, რისი შესრულების ვალდებულებასაც მთავრობა აიღებს“, - ამბობს გიორგი კლდიაშვილი. მისი თქმით, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ ხელსაყრელი  ინიციატივაა სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რადგან  ეს ხელს უწყობს  მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას.

სტრატეგიული გეგმის შესრულება ნებაყოფლობითია და რაიმე სახის სანქციებს არ ითვალისწინებს.

„სხვა რეკომენდაციებისგან განსხვავებით, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვთავაზობენ ამა თუ იმ საკითხის გაუმჯობესებას,  „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ ქვეყანა თავად აყალიბებს  საკუთარ ვალდებულებებს. ეს არის საერთაშორისო პრესტიჟის საქმე და  პასუხისმგებლობა უფრო მეტია, “ - აღნიშნავს გიორგი კლდიაშვილი და ვარაუდობს, რომ მთავრობის მიერ საკუთარ თავზე  ვალდებულებების დაკისრება  და არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგი ორწლიანი გეგმის შესრულების წინაპირობა იქნება.

გეგმის მიმდინარეობის პროცესს  არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველწლიურად შეაჯამებენ და ახალ ამოცანებს დასახავენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test