შემოგვიერთდი

15.05.2012 10:59

“მეცხრე არხმა” ტელე-რადიოკომპანია „თრიალეთის“ 10-პროცენტიანი წილი მილიონ აშშ დოლარად იყიდა

David Mchedlidze
badri nanetashvili (photo: )

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” კომპანიის 10 პროცენტიანი წილი მილიონ აშშ დოლარად  ტელეკომპანია “მეცხრე არხს” მიჰყიდა, რომელსაც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“  ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ფლობს.

„თრიალეთის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ნანეტაშვილმა,  media.ge- ს განუცხადა, რომ 10-პროცენტიან წილში მოექცა ტელე-რადიო კომპანიის სხვა ქონების ნაწილიც.  მან განმარტა, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი”“ ფლობს რადიო „თრიალეთს“, ადგილობრივ  კინოთეატრს, მაღაზიებს.

„მთელი ეს ქონება 10 მილიონი აშშ დოლარი ღირს“, - თქვა ნანეტაშვილმა. მისი თქმით, “მეცხრე არხისთვის”, ყველაზე მიმზიდველი ტელეკომპანია “თრიალეთია”. ეს ტელეარხი შიდა ქართლში ვრცელდება და დაახლოებით  500-ათასიანი აუდიტორია ჰყავს.

“ჩვენზე ზეწოლები ხდება, ფინანსურად გვავიწროებს ხელისუფლება, რის გამოც ადგილობრივი პროგრამების წარმოება, ხელფასების და გადასახადების გადახდა გვიჭირს. ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ “მეცხრე არხმა”,  დახმარების მიზნით,  შეიძინოს კომპანიის წილის 10 პროცენტი,  რის ფარგლებშიც მუშაობის აწყობას შევძლებთ”, - აცხადებს ნანეტაშვილი.

მისი განმარტებით, კომპანიის წილის შეძენით, “მეცხრე არხი” მიიღებს “თრიალეთის” მოგების განსაზღვრულ პროცენტს, თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ ტელე-რადიოკომპანია დღემდე მხოლოდ საკუთარი ხარჯების ამოღებას ახერხებდა. კონტრაქტის მიხედვით, “მეცხრე არხს” კომპანიის  მართვაში, მათ შორის, ტელეკომპანია “თრიალეთის” მართვაში მონაწილოების უფლება არ ექნება. “მეცხრე არხი” ვერც „თრიალეთის“ საეთერო ბადის ჩამოყალიბებას განსაზღვრავს.

“ჩვენ მხოლოდ ადგილობრივ ამბებს ვაშუქებთ, საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე მოვლენების გაშუქების საშუალება,  რესურსებიდან გამომდინარე,  არ გვაქვს, ამიტომ გვინდა ჩავრთოთ ისეთი ტელევიზია, რომელიც ქვეყნის ამბებსაც აშუქებს”, - ამბობს ნანეტაშვილი და აღნიშნავს, რომ ადრე თუ “მაესტროს” უთმობდნენ საეთერო დროს, ახლა სამაუწყებლო ბადეში ამ ადგილს “მეცხრე არხი” დაიკავებს. 

„თრიალეთი“ ახალ ამბებს საღამოს 10 საათზე უშვებს. ნანეტაშვილის თქმით, უკვე შეთანხმებულია, რომ საღამოს 9 საათზე „მეცხრე ახრის“ მთავარი საინფორმაციო გადაცემა გავა.

“ხალხს “მეცხრე არხის” საინფორმაციო გადაცემები და გასართობი პროგრამები უფრო აინტერესებს ვიდრე “მაესტროსი”, - ამბობს ნანეტაშვილი. მოსახლეობის სურვილების შესახებ ინფორმაცია “თრიალეთმა”, არხის დამფუძნებლის თქმით, ხალხთან პირადი საუბრების შედეგად მიიღო.  

ნანეტაშვილმა ასევე დასძინა, რომ ახალი კონტრაქტი ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

„ეთერი ღია იქნება ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის“, - აღნიშნა ნანეტაშვილმა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test