შემოგვიერთდი

26.06.2012 07:45

Play TV - ახალი სიხშირული ტელევიზია

მაია წიკლაური

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა კომპანიამ, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ ახალი სიხშირული ტელევიზია Play TV გახსნა. არხზე ძირითადად აზარტული თამაშები გადაიცემა. Play TV (იგივე შპს „ტელეკომპანია აისი“) და შესაბამისად მისი კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“ მიმდინარე წლის 22 თებერვალს შეიძინა.

თავის მხრივ Play TV, ანუ შპს „აისი“ ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ის სამართალმემკვიდრეა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეს უკანასკნელი თბილისში საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიას წლების განმავლობაში ფლობდა. 2009 წელს კომისიამ ლიცენზიის მოდიფიცირება მოახდინა და შპს „ტელეკომპანია აისის“ ლიცენზიის სახედ კერძო ტელემაუწყებლობა, სახეობად კი სპეციალიზირებული (შემეცნებით მუსიკალურ-გასართობი) მაუწყებლობა განისაზღვრა.

„აისის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელი იოსებ მგელაძე იყო. 2012 წლის 22 თებერვალს კომპანიაში მთლიანი წილი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპზე“  გაასხვისა. თავად „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ „იმედის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელი 2011 წლის ბოლოს გახდა. 

„აისმა“ მიმდინარე წლის ივნისიდან Play TV-ის სახელწოდებით მაუწყებლობა განაახლა და არხის სამაუწყებლო ბადე ძირითადად აზარტული თამაშების ჩემპიონატების ჩვენებით შეავსო.

კომისიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, „აისი“ მანამდეც მაუწყებლობდა  და  მის მიერ „ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტის ფაქტი (წელიწადში 120 დღის მანძილზე ან ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით) არ დაფიქსირებულა“.

Play TV საკაბელო კომპანიების ნაწილმა, რომელთა შორისაა ყველაზე მსხვილი „Silk TV“ „კავკაზუს TV” და „სუპერ TV” უკვე ჩართეს საკუთარ პაკეტებში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ შესაბამისობის დეკლარაციაში შპს „ტელეკომპანია აისის“ ერთპიროვნული მფლობელი კვლავ იოსებ მგელაძეა. წილის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არც ვებ-გვერდზე იძებნება.

თუმცა კომისიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „აისის“ მიერ წილის გასხვისების თაობაზე ინფორმაცია კომისიაში კანონით განსაზღვრულ ვადაშია წარმოდგენილი“.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, იოსებ მგელაძე მაღაზიათა ქსელ „ელიტ ელექტრონიქსის“ დირექტორად 2011 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე მუშაობდა. 2007 წლამდე  „აისის“ მფლობელი ბიძინა ნიჟარაძე იყო. მისი კუთვნილი კომპანია „გეო ტრანსი“ 2006  წელს ფლობდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის  78 პროცენტს, რომელიც მან ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისგან იყიდა.

2012 წლის 1 ივნისს გაიხსნა ონლაინ თამაშების ვებ-გვერდი playadjara.com, რომელიც ოფიციალურად შპს „კაზინო აჭარას“ ეკუთვნის. playadjara.com-ში Media.Ge-ს განუცხადეს, რომ Play TV მათი კუთვნილი ტელეკომპანიაა, თუმცა საკონტაქტო ნომერი არ აღმოაჩნდათ. ტელევიზიის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც საინფორმაციო ცენტრებში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test