შემოგვიერთდი

05.09.2012 11:25

„მეცხრე არხის“ ცნობით, ტელეკომპანიის მრჩეველთა საბჭოს ერთერთი წევრი ლარი კინგია

მაია წიკლაური

ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ცნობით, ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ქმნის, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება.

საბჭოს წევრები არიან:

1. ლეს გელბი, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსის” საერთაშორისო კორესპონდენტი და სარედაქციო გვერდის რედაქტორი;

2. ლი ჰამილტონი, ყოფილი კონგრესმენი, 11 სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე და “ვუდროუ ვილსონის ცენტრის” ყოფილი პრეზიდენტი;

3. ლარი კინგი, CNN-ზე „ლარი კინგის შოუს” წამყვანი და ქველმოქმედი;

4. გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი;

5. რობერტ მენარდი, ფრანგი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების საერთაშორისოდ აღიარებული დამცველი.

საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, კახა ბექაური აცხადებს:

“„მეცხრე არხი” ეყრდნობა მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რათა მათ უზრუნველყონ და დაიცვან არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა, დაეხმარონ „მეცხრე არხს” გაამყაროს საქართველოში პრესის თავისუფლება და დაიცვას დამოუკიდებელი აზრის თუ შეხედულების გამოხატვის უფლება.“

“მეცხრე არხმა” გაავრცელა საბჭოს წევრების კომენტარებიც წერილობით, სადაც სხვებთან ერთად მოყვანილია ლარი კინგის განცხადება:

„ „მეცხრე არხი“, როგორც ნებისმიერი სხვა, ახალი, დამოუკიდებელი ახალი ამბების გამავრცელებელი ორგანიზაცია, აწყდება უპრეცედენტო გამოწვევებს საქართველოს ხელისუფლებისგან, რაც ხელს უშლის მის მისიას - ემსახუროს საქართველოს მოსახლეობას, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი საინფორმაციო და მედიაწყარო. მისი ახალგაზრდა და იდეალისტური პერსონალი იმსახურებს იმ ამერიკელებისა და ევროპელების მხარდაჭერას, რომლებიც მათ მისიას იზიარებენ.”

ლი ჰამილტონი კი ამბობს, -“მე, როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენების გრძელვადიანი დამკვირვებელი, საკმაოდ მაშფოთებს მთავრობის მიერ დამოუკიდებელ მედიაზე განხორციელებული ზეწოლა და ყოველგვარი ის ძალადობა, რაც თავისუფალი პრესის განვითარებასა და მოქალაქეების მიერ თავისუფალი აზრის გამოხატვას ზღუდავს. “მეცხრე არხი" წარმოადგენს ახალ, მნიშვნელოვან, დამოუკიდებელ ხმას, რომელიც იცავს საქარველოს მოსახლეობის უფლებებს. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგა-საბჭოს წევრებსა და “მეცხრე არხის” ხელმძღვანელობასთან მუშაობას, რომლის მთავარ მიზანს თავისუფალი სიტყვისა და აზრის დაცვა წარმოადგენს”.

ლეს გელბი - “თავის დროზე ამერიკელი ხალხი ვარდების რევოლუციის პრინციპებსა და იდეალებს – ქართველ ხალხს ეცხოვრა სიმშვიდეში და თავი დაცულად ეგრძნო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - სიტყვით და საქმით მხარს უჭერდა. როგორც ჟურნალისტი, ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელყოფის გამო. ტელეკომპანია “მეცხრე არხი” დამოუკიდებელი და თავისუფალი საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ემსახურება. როგორც ტელეკომპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ მედიის თავისუფლებას საქართველოში.”

რობერტ მენარდი - “მთელი ჩემი პორფესიული მოღვაწეობა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი მედიის დაცვას დავუთმე. ტელეკომპანია “მეცხრე არხი” წარმოადგენს კეთილ ინიციატივას, რომელიც ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას შესთავაზოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ინფორმაციისა და ახალი ამბების წყარო. თუმცა, წმინდა პოლიტიკური მოტივებით, ქვეყნის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ტელეკომანია “მეცხრე არხს” მიზნების განხორციელებაში. გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი ამ საბჭოს წევრი, განაპირობა ჩემმა სურვილმა გლობალური ყურადღება მომეზიდა იმ გამოწვევებზე, რომელსაც “მეცხრე არხი” აწყდება მის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი ხელისუფლების მხრიდან.”

გიორგი მარგველაშვილი - “ჩემთვის უდიდესი პატივია ამ ღირსეული ადამიანების გვერდით ყოფნა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩემს ქართველ, ამერიკელ თუ ევროპელ კოლეგებთან ერთად ძალ-ღონეს არ ვიშურებდი ახალი თაობის ჟურნალისტების პროფესიული აღზრდისათვის, რამეთუ გვჯეროდა, რომ მაღალი სტანდარტების მქონე ჟურნალისტიკა საქრთველოს დემოკრატიისა და ძლიერი მომავლის უტყუარი გარანტი იქნებოდა. სამწუხაროდ, დღესდღეობით, საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს დიდ დაბრკოლებას უქმნის, უგულებელყოფს ურთიერთგაკონტროლების სისტემას, ასუსტებს საკანონმდებლო და დამოუკიდებელი სასამართლოს სტრუქტურას. ხელისუფლება მსგავს კამპანიას აწარმოებს თავისუფალი მედიის მისამართითაც. აქედან გამომდინარე, როგორც “მეცხრე არხის” საბჭოს წევრი, ჩემს მიზანს დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება წარმოადგენს.”

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" მფლობელი პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძეა. 

 

ამავე თემაზე: 

„მეცხრე არხი“ რეგიონებში 40-მდე ბიუროს გახსნის

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კომპანია - მაუწყებლის მმართველი

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test