შემოგვიერთდი

20.10.2012 10:30

ინა გუდავაძემ „იმედი“ 3 ლარად დაიბრუნა

მაია წიკლაური

ტელე-რადიო კომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ყოფილმა მესაკუთრეებმა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს 3 ლარად (დაახლოებით 1,5 ევრო) დაუთმეს. საჯარო რეესტრში 19 ოქტომბერს გაფორმებული გარიგების თანახმად, გიორგი არველაძემ (45%), გიორგი კორახაშვილმა (30%) და გიორგი მიქელაძემ (15%) ახალი მესაკუთრისგან სიმბოლური თანხა თითო ლარი მიიღეს, კიდევ ერთმა მფლობელმა ჯოზეფ ქეიმ კი საკუთარი 10 პროცენტი შეინარჩუნა. ქეი პატარკაციშვილების ნათესავია.

დოკუმენტაციის თანახმად, „დამთმობი იძლევა გარანტიას, რომ მესამე პირების მიმართ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ და ყველა მისი შვილობილი და აფილირებული კომპანიის ფინანსური და სხვა ვალდებულებების მოცულობა (გარდა საგადასახადო ვალდებულებებისა) ჯამში არ აღემატება 6 მილიონ ლარს“.

კომპანიის ახალი მფლობელი ინა გუდავაძე კი ჟურნალ „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, „როგორც ჩვენ შეგვპირდნენ, ჰოლდინგს დავალიანება არ ექნება. თუმცა, ეს მაინც უნდა შევისწავლოთ. ჩვენი იურისტები ფინანსურ დოკუმენტაციას უკვე გულდასმით სწავლობენ.“

მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას თან ერთვის კომპანიის წილების გადაფორმებაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობაც.

ამ გარიგებით, ინა გუდავაძის ხელში კიდევ ერთი ტელეკომპანია აღმოჩნდა. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ შპს „ტელეკომპანია აისსაც“ ფლობს, რომელსაც Play TV ეკუთვნის. მან მაუწყებლობა მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო და არხის სამაუწყებლო ბადე ძირითადად აზარტული თამაშების ჩემპიონატების ჩვენებით შეავსო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test