შემოგვიერთდი

05.11.2012 10:12

„იმედის“ მფლობელი კომპანიის დირექტორად ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი დაინიშნა

მაია წიკლაური

ტელე და რადიო კომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანიის „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ გენერალურ დირექტორად არხის დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის შვილი, ლიანა (ლიკა) ჟმოტოვა დაინიშნა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, 29 ოქტომბერს ტელეკომპანიაში გამართულ  პარტნიორთა კრებას „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10% წილის მფლობელი, ჯოზეფ ქეი არ დასწრებია. დანარჩენი 90%-ის მესაკუთრემ, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ კი გენერალურ დირექტორად საკუთარი ქალიშვილის დანიშვნის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. 1980 წელს დაბადებულ ლიანა ჟმოტოვას დამთავრებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

მან ამ პოსტზე გიორგი არველაძე შეცვალა, რომელიც კომპანიას 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე არველაძე ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ამავე კრებაზე პარტნიორებს ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა დოკუმეტების თანახმად, ამ საკითხის განხილვა მათ სამომავლოდ გადადეს.

გიორგი არველაძემ პატარკაციშვილების ოჯახს ტალე-რადიო კომპანია„იმედი“ მოულოდნელად მიმდინარე წლის ოქტომბერში დაუბრუნა, როგორც შემდეგ ოფიციალური დოკუმენტებით გაირკვა, ინა გუდავაძემ არხის 90 პროცენტი მხოლოდ 3 ლარად იყიდა. ინა გუდავაძემ არხის რეორგანიზაცია უკვე დაიწყო - გააუქმა საინფორმაციო გამოშვება და 2 ნოემბერს არხიდან 36 თანამშრომელი გაუშვა.

„გვესმის, რომ „იმედი“ ეს იქნება პროექტი, რომელშიც ფულის ჩადებაა საჭირო. მე ამას განვიხილავ, როგორც კიდევ ერთ საქველმოქმედო პროექტს. ბიზნესისთვის მე ეს ტელევიზია ნამდვილად არ მჭირდება, მის გამოყენებას არც ბიზნესისთვის ვაპირებ და არც პოლიტიკური მიზნები მაქვს“, - განაცხადა ინა გუდავაძემ ჟურნალ „ლიბერალთან“ ინტერვიუში.

მან ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ ლიკა ჟმოტოვა „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ დროებითი მმართველი იქნებოდა, მისი მოადგილის პოსტს კი რეზო საყევარიშვილი დაიკავებდა. ამ დრომდე media.ge-ს ზარებს არ პასუხობს არც პატარკაციშვილების ოჯახი და არც რეზო საყევარიშვილი. ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის პოსტს ოფიციალურად კვლავ გიორგი ლომინაძე ინარჩუნებს.

 

ამავე თემაზე:

„იმედს“ განვიხილავ როგორც კიდევ ერთ საქველმოქმედო პროექტს - ინა გუდავაძე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test